პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნიკა წურწუმია წლებია, გერმანიაში ცხოვრობს. კიოლნში საკუთარი კლუბი აქვს და გერმანელ ბავშვებს ქართული ხალხური მუსიკის თანხლებით ავარჯიშებს... მისი კარიერა უკრაინაში დაიწყო და იქ მიღწეული წარმატებების შემდეგ, გერმანიაში წასვლა, ყველაფრის თავიდან დაწყება გადაწყვიტა.
ქართველ ემიგრანტს წარმატების მისაღწევად რთული გზის გავლა მოუხდა, მაგრამ შედეგი ამად ღირდა - ნიკა კარატეში გერმანიისა და მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.
გთავაზობთ მცირე ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან:
- თქვენს მეუღლეზეც გვიამბეთ რამე...
- მომავალი მეუღლე 2007 წელს გავიცანი. მისი ფოტო ერთ-ერთი ანსამბლის პლაკატზე ვნახე. გასტროლები ჰქონდათ, კიოლნში უნდა გამოსულიყვნენ. ის ანსამბლის სოლისტი იყო. დანახვისთანავე ვიფიქრე, - რა ბედნიერება იქნება, ასეთი სილამაზის მქონე ქალი გვერდით რომ მყავდეს-მეთქი. შემდეგ გავიცანი და ერთმანეთი შეგვიყვარდა. ჩვენ ორი მონათესავე სული ვიყავით სხვადასხვა სხეულში. შვიდი წელი ვიცხოვრეთ ერთად და ნინო ყოველდღე მაოცებდა თავისი განსაკუთრებული თვისებებით, დიდსულოვნებით, ხალისით, სამართლიანობით. ვფიქრობდი, რომ ამდენი წვალებისა და ბრძოლის შემდეგ, უფალმა მისი სახით საჩუქარი გამომიგზავნა...
ერთხელაც, ქართველ მეგობრებთან ერთად ამსტერდამში წავიდა. მეორე დღეს, გერმანიაში ერთად უნდა გვესადილა. ჩამოვიდა, მაგრამ მოულოდნელად, ცუდად გახდა. საავადმყოფოში ანევრიზმა დაუდგინეს. 11 დღე გათიშული იყო. ამ ხნის განმავლობაში ფეხიც არ მომიცვლია, მის სასთუმალთან ვიჯექი და ველაპარაკებოდი. ვგრძნობდი, ჩემი ხმა ესმოდა, მაგრამ პასუხის გაცემა არ შეეძლო და ცრემლი სდიოდა...
ყველაფერი გავაკეთე, რომ გადამერჩინა. ვფიქრობდი, - იქნებ უფალი ჩვენი სიყვარულის სიმტკიცეს ცდის-მეთქი... მეგობრებიც ამოგვიდგნენ მხარში, მაგრამ სიკვდილი ვერ დავამარცხეთ. თუმცა, სიკვდილმა ვერ შეძლო და სიყვარული ვერ წამართვა. მე კი მუდმივად ვგრძნობ, რომ ის ჩემ გვერდით არის.