რატომ რჩება ცუდი მინიშნება გაცილებით დიდხანს მეხსიერებაში

ასტროლოგია

ხალხურ გადმოცემებში ბევრია უბედურებისა და წარუმატებლობის მომასწავებელი მინიშნება. მათგან ზოგი კარგად ნაცნობია თქვენთვის, ზოგისთვის ყური მოგიკრავთ, ზოგის შესახებ კი, მხოლოდ ახლა შეიტყობთ. თუ ყველა მინიშნებას, რომელიც გარდაუვალ უბედურებას, პრობლემებსა და წარუმატებლობას წინასწარმეტყველებს, ამჯერად ერთად მოვუყრით თავს, შეძლებთ, მოსალოდნელ უსიამოვნებას ისე გაუმკლავდეთ, რომ მინიმალური ზიანით ჩაიაროს. ამ ყველაფერზე ეზოთერიკოსი საუბრობს.

– შიში და ცრურწმენა ადვილად აჯერებს ადამიანს ცუდი ნიშნების ზემოქმედების ძალას. რადგან ნეგატიური მოვლენები უფრო დასამახსოვრებელია, ამიტომ ცუდი მინიშნება გაცილებით დიდხანს რჩება მეხსიერებაში. შესაბამისად, ურიგო არ იქნება, თუ ერთგვარ ჩამონათვალს გავაკეთებთ ყველა ამგვარი – ნაცნობი თუ უცნობი მინიშნების შესახებ. მაშ ასე, თუ დაგესიზმრათ, რომ ძაღლი გიყეფთ, გიკბინათ ან თავს გესხმით, ეს ახლო მეგობრების არამეგობრული საქციელია – ზურგს უკან ჭორაობენ და შეთქმულებას აწყობენ. შესაძლოა, მალე ერთ-ერთ ან რამდენიმე მათგანთან ჩხუბიც კი მოგივიდეთ. რამდენი ძაღლიც ნახეთ სიზმარში, იმდენი მეგობარია თქვენი მოწინააღმდეგე და რაც მეტს ყეფს ან იკბინება ცხოველი, მით უფრო ძლიერ დარტყმას მიიღებთ საყვარელი ადამიანებისგან. გახსოვდეთ, ეს ნიშანი არასდროს იტყუება.

– როგორც ვიცი, უმეტესი მინიშნება სახლში არსებულ სიტუაციასა და ოჯახის წევრებს ეხება…

– დიახ. მაგალითად, სახლში შემოფრენილი პეპელა ოჯახის ერთ-ერთი წევრის ავადმყოფობას ნიშნავს, რომელიც შეიძლება გარდაიცვალოს. მოულოდნელად თუ იატაკი ან კარი აჭრაჭუნდა, ფინანსურ სირთულეებს ელოდეთ. დილის სიმღერით დაწყება თითქოს ცუდი არ უნდა იყო, მაგრამ ხალხური გადმოცემა გვაფრთხილებს: ვინც საუზმემდე იმღერებს, საღამოს ცრემლის ღვრა მოუწევსო. პურის ჭრისას თუ დანას შიგ ჩატოვებთ, ოჯახში ჩხუბი ატყდება. არც ბასრი საგნები დატოვოთ ღამით მაგიდაზე – დანები და მაკრატლები უჯრებში შეინახეთ, თორემ სახლში სკანდალებს ვერ გამოლევთ. არც საჯაროდ გამოფინოთ საყვარელ მამაკაცთან კოცნის ფოტო, თორემ ღალატსა და სკანდალურ განშორებას ვერ ასცდებით. ნურც თმას შეიჭრით თავად, ამით სიცოცხლეს იმოკლებთ. რაც არ უნდა გეჩქარებოდეთ, სამოსს ტანზევე ნუ ამოკემსავთ – გონებას ავნებს. თუ სხვა გამოსავალი არ გაქვთ, მალულად იმოქმედეთ, თან ძაფიც კბილით მოწყვიტეთ. თუმცა სხვის ტანზე სამოსის არც დაკემსვა და არც შეკერვა არასდროს სცადოთ, რადგან, თუ შემთხვევით ნემსი შეერჭო და სისხლი წამოუვიდა, ის ადამიანი შეიძლება მალე მოკვდეს. ცემა არ აგცდებათ, თუ შეამჩნიეთ, რომ ტანსაცმელი უკუღმა, ამობრუნებული გაცვიათ, ხოლო ამაზე თუ უცნობებმა მიგითითეს, მალე შეხვდებით ადამიანს, რომლის ნახვაც ძალიან გესიამოვნებათ. არასდროს გადაფერთხოთ მაგიდიდან პურის ნამცეცები ხელით – სიღარიბე და უფულობა იცის. ყოველთვის ქსოვილი გამოიყენეთ.

– გამიგია, რომ წინასწარ დაბადების დღე არ უნდა აღნიშნო…

– წინასწარ დაბადების დღის აღნიშვნას, შეიძლება იუბილარის სიკვდილიც კი მოჰყვეს. სახლში სტვენა სიღარიბისა და უბედურების ნიშანია, გაჩერებული საათი კი ფულთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს უქმნის ოჯახში მყოფთ. სხვისი ჭურჭლის გატეხა უბედურებას ნიშნავს, ხოლო მაგიდაზე დატოვებული ცარიელი ჭურჭელი – სიღარიბეს იწვევს. ცხობისას თუ პურის ქერქი გადასკდა, ახლობელი დაგტოვებთ.