„სინათლის სიჩქარით აღმოჩენებისკენ - საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში სწავლა დაიწყო“

სკოლა

STEM მიმართულებით (ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები) მოსწავლეებში ინტერესის გაღრმავებისთვის და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის შექმნილ STEM სკოლაში სწავლა დაიწყო.

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, უკვე 201 მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს STEM მიმართულებით სიღრმისეული ცოდნა  და მაღალი ხარისხის, სერტიფიცირებული განათლება.

აღსანიშნავია, რომ STEM სკოლაში სასწავლო პროცესი ერთწლიანია და ის ორ მოდულად ტარდება. პირველი მოდული უკვე დაიწყო და ივნისის ბოლოს დამთავრდება, მეორე მოდული კი 15 სექტემბრიდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით გაიმართება.

სკოლაში მოსწავლეთა დიდი ნაწილი რეგიონიდანაა. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდების დატვირთული გრაფიკის გათვალისწინებით, გაკვეთილები კვირაში ერთხელ, შაბათობით, პლატფორმა თიმსის მეშვეობით ტარდება.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით იღებენ იმ საბაზისო თეორიულ და პრაქტიკულ განათლებას, რომელიც შემდგომში დაეხმარება მათ, კიდევ უფრო მეტად გაიღრმავონ ცოდნა და საკუთარი მომავალი STEM მიმართულებას დაუკავშირონ.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყნის ნათელ მომავალს ქმნის განათლება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, უზრუნველყოს მოსწავლეები ახალი შესაძლებლობებით, განათლების მიღებისთვის საჭირო რესურსებით და დააინტერესოს ისინი მომავლის პროფესიებით. კომაროვის სკოლასთან ერთად, ჩვენ არაერთ პროექტზე ვიმუშავეთ, თუმცა STEM სკოლის მიმართ საზოგადოებაში გაჩენილმა ინტერესმა დაგვანახა, რომ ჩვენ სწორ დროს, სწორ ინიციატივას ვახორციელებთ. იმედი გვაქვს, ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, კიდევ უფრო მეტი მოსწავლე შეძლებს სიღრმისეულად დაეუფლოს მომავლის მიმართულებებს და მიიღოს ხარისხიანი განათლება“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

აღსანიშნავია ისიც, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, STEM სკოლაში სწავლის სურვილი 1200-მდე მოსწავლემ გამოთქვა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის გადაწყვეტილებით, პროექტის ფარგლებში სკოლაში ადგილების რაოდენობა 150-დან 201-მდე გაიზარდა.

საქართველოს ბანკის ინიციატივით კი რეგიონში მცხოვრებ 60 მოსწავლეს, რომლებმაც მისაღებ გამოცდაში უმაღლესი ქულები დააგროვეს, სწავლა სრულად უფინანსდებათ.

STEM სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.