საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, კახეთში თემატური ახალგაზრდული ბანაკი განახლდა

 ახალგაზრდობის სააგენტო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, კახეთში თემატური ახალგაზრდული ბანაკი განახლდა, - ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბანაკის პირველი ნაკადის თემას წარმოადგენს „განათლების პოლიტიკა“, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან ქოქრაშვილმა და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თამარ კვინიკაძემ.

„მომხსენებლებმა ახალგაზრდობის სააგენტოს, პროფესიული განათლების, მეცნიერებისა და განათლების რეფორმის ირგვლივ ისაუბრეს. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა თემის ირგვლივ კითხვები დაესვათ და მათთვის საინტერესო საკითხებზე პასუხები მიეღოთ.
ბანაკის მიზანია: არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების პიროვნული და სოციალური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სოციალური პასუხისმგებლობების პოპულარიზაცია/წახალისება, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება აქტიური მოქალაქეობისა და პატრიოტული ღირებულებების შესახებ.

2025 წლის გაზაფხულზე თემატურმა ბანაკმა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის და ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე, რვა ნაკადად 1000-მდე სტუდენტს უმასპინძლა. ახალგაზრდების ინტერესებიდან გამომდინარე, თემატური ბანაკი 2025 წელს მეორედ ტარდება და 500-მდე სტუდენტს უმასპინძლებს. ბანაკში მონაწილეთა შერჩევა კი ღია კონკურსის გზით ხორციელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.