საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ახალი სასწავლო წლიდან კიდევ 73 საჯარო სკოლაში შედის

მანდატური სკოლებში

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ  ახლადდანიშნული მანდატურები შიდა ქართლის რეგიონის სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლაში წარადგინა. ტინისხიდის საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ 73 სკოლას შორის, სადაც მანდატურის სამსახურის 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებისას შევიდა.

მანდატურის სამსახურის უფროსი სკოლაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო,  მოსწავლეებს, პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა.

საგანმანათლებლო დაწესებულების ახლადდანიშნული მანდატურები საჯარო კონკურსის წესით შეირჩნენ და გადამზადება შსს აკადემიაში გაიარეს. სასკოლო სივრცეში მუშაობას ისინი ახალი სასწავლო წლის პირველი დღიდან შეუდგნენ.

ამჟამად, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, ქვეყნის მასშტაბით, 680 საჯარო სკოლაშია წარმოდგენილი, სადაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 90 პროცენტი სწავლობს. მანდატურის სამსახურის მომსახურებით, ასევე, კერძო სკოლები და პროფესიული სასწავლებლებიც სარგებლობენ.

ამავდროულად, იზრდება განათლების სისტემაში დასაქმებული სოციალური მუშაკების რაოდენობა. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრს მიმდინარე წლის ბოლომდე უკვე 110-მდე სოციალური მუშაკი ეყოლება, რომლებიც მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებსა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს სოციალური მუშაობის მომსახურებას გაუწევენ.