ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ხელოვნების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

კიუ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - „ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი“ გაიხსნა. ღონისძიებას KIU-ს არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლამ (AUD) უმასპინძლა.

ფესტივალი მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ლევან კოპალიანმა და KIU-ს არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლის დეკანმა მარიამ ბოჭორიშვილმა. შეკრებილ საზოგადოებას ასევე მიმართეს ორგანიზატორებმა - თანამედროვე ხელოვნების განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო მეტრეველმა  და „ქარავანსარაის“ დამფუძნებელმა შალვა ხახანაშვილმა. ღონისძიებას ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო.

ფორუმის წლევანდელი თემაა - „ურბანული პეიზაჟები“. სამი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ხელოვანების, ფოტოგრაფების, ხელოვნებათმცოდნეებისა და კურატორების მიერ შექმნილი პროექტები. ყოველწლიურად ფორუმი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს როგორც თანამედროვე ხელოვნების ვიზუალურ წარმოდგენას, ისე მისი თეორიული და კონცეპტუალური ასპექტების განხილვას.

ფორუმის საზეიმო გახსნასთან ერთად, KIU-მ სამეცნიერო კონფერენციასაც უმასპინძლა, რომელსაც KIU-ს არქიტექტურისა და დიზაინის პროგრამების სტუდენტები დაესწრნენ. კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა მოხსენებები მიუძღვნეს ვენეციის 61-ე ბიენალესა და იქ განთავსებულ ქართულ პავილიონს, სადაც წარდგენილია საერთაშორისო პროექტი - „თანამედროვე არგონავტები - საქართველოს გზაჯვარედინი”. 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად ფორუმის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, ქუთაისის მერია და შემოქმედებითი საქართველო.  ფესტივალი ქუთაისში 21 სექტემბერს  დასრულდება.