წყალი 12 საათით შეწყდა - გადაამოწმეთ მისამართები
1783936482
მიმდინარე წლის 10 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კლასიკური ფილოლოგის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით, მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა ორტომეულის პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა ქართულ-იტალიურ ურთიერთოებს.
„პირველი წიგნის სათაური გახლავთ - „ქართულ-იტალიური ისტორიულ-კულტურული ურთიერთობები“, ხოლო მეორესი - „ქართული ჟურნალისტიკის გენეზისი და იტალია“, რომლის ავტორია ბ-ნი პაატა ნაცვლიშვილი.
ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. სხდომის მსვლელობისას სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ: აკადემიკოსები: ვალერი ასათიანი, ელგუჯა ხინთიბიძე; პუბლიცისტი, პროფესორი პაატა ნაცვლიშვილი, პროფესორი გიორგი კალანდია, აკადემიური დოქტორი ერეკლე ჟორდანია, დოქტორანტი ეკატერინე ყარსელიშვილი და სხვ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიური წრეების თვალსაჩინო წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და აკადემიკოსები. სტუმრებს შორის იყვნენ: „იუნესკოში“ საქართველოს წარმომადგენელი ნათელა ლაღიძე, კათოლიკური ეკლესიის და ვატიკანის წარმომადგენლები ჯუზეპე პაზოტო და გაბრიელ ბრაგალტინი.
აღსანიშნავია, რომ ეს ორტომეული მიეძღვნა მეცნიერებათა აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილეს. სარედაქციო კოლეგიის წევრები და შემდგენლები არიან: აკადემიკოსები ვალერი ასათიანი და ელგუჯა ხინთიბიძე, პროფესორები პაატა ნაცვლიშვილი და გაგა შურღაია, დოქტორანტი ეკატერინე კვირკველია.
იტალიურ-ქართული მრავალსაუკუნოვანი ისტორიული კულტურული ურთიერთობების საკითხების შესწავლას ქართველ და უცხოელ მეცნიერთა მრავალი მნიშვნელოვანი შრომა მიეძღვნა. ეს საქმე წარმატებით გრძელდება დღესაც. ვატიკანში, პალერმოში, გენუაში, მილანში და ჩვენი ქვეყნის წიგნსაცავებსა თუ არქივებში დაცული არაერთი მნიშვნელოვანი ცნობა მეცნიერულ შესწავლას მოითხოვს. ამასთან ერთად, ბუნებრივია, „პანორამა“ შესავსებია თანამედროვე კულტურული მოვლენებით, ცალკეული საყურადღებო ფაქტებით. სწორედ ამ ამოცანის განხორციელების ერთ-ერთი ცდაა მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩაფიქრებული პროექტის ეს პირველი წიგნი.
აღნიშნულ წიგნში თავებადაა გამოყოფილი თითოეული მეცნიერის ნაშრომი. მაგალითად, გიორგი კალანდიას - საქართველო იტალიურ კარტოგრაფიაში. ასევე, - ერეკლე ჟორდანიას - საქართველო გენუის არქივებსა და წიგნსაცავებში და სხვ.
რაც შეეხება მეორე წიგნს - „ქართული ჟურნალისტიკის გენეზისი და იტალია“, რომლის ავტორია თვალსაჩინო ქართველო მეცნიერი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი პაატა ნაცვლიშვილი, - უთუოდ დააინტერესებს მკითხველთა ფართო წრეს. წარმოდგენილ წიგნში ახლებურადაა განხილული ჟურნალისტიკის გენეზისის საკითხები საქართველოში მსოფლიო ჟურნალისტიკის ისტორიისა და კომუნიკაციების თეორიათა თანამედროვე გამოკვლევათა ფონზე. ამ თვალსაზრისით, ავტორი პირველად, ქართულ მეცნიერებაში საფუძვლიანად აფასებს პიეტრო არეტინოსა და სხვათა ღვაწლს. პაატა ნაცვლიშვილს ამ გამოკვლევაში 2008 წელს სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის „Italica-Georgica“ და მის გამოცემათა სიმბოლოდ და ემბლემად შეირჩა ქართულ-იტალიური ურთიერთობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურის, მისიონერისა და მხატვრის, დონ ქრისტოფორო დე კასტელის (1597-1659) ესკიზური ნამუშევარი (მისი ნახატების ალბომიდან საქართველოს შესახებ).
ვფიქრობთ, მკითხველთა ფართო წრე კიდევ ერთ მნიშვნელოვან და საჭირო გამოცემას ეზიარება ამ ორტომეულის შეძენით“, - აღნიშნულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განცხადებაში.