გივი მიქანაძემ თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან ორმხრივი შეხვედრა გამართა

გივი მიქანაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ანკარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ოსმან აშქინ ბაქთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-თურქეთს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო ერთობლივი საზაფხულო ბანაკების ორგანიზებას, ახალგაზრდულ ცენტრებს შორის კავშირების გაფართოებას და ახალგაზრდული საგრანტო კონკურსების ორგანიზებას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელების მზაობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და შეთანხმდნენ, რომ აქტიურად დაუჭერენ მხარს იმ ინიციატივებს, რომლებიც ორი ქვეყნის ახალგაზრდებს ერთმანეთთან დაახლოებისა და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია.