განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების ფარგლებში გასაუბრების პროცესი იწყება.

გასაუბრებაზე გასვლის შესაძლებლობა ექნებათ დირექტორობის მსურველებს, რომლებმაც სერტიფიცირების პირველი საფეხური – ტესტირება წარმატებით გაიარეს, კერძოდ, გადალახეს ტესტირებისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (მაქსიმალურ ქულათა 60%).

დირექტორობის მსურველთა გასაუბრება 20 მარტს დაიწყება.

გასაუბრების განრიგის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: 

გასაუბრების თარიღი დირექტორობის მსურველმა უნდა გადაამოწმოს საჯარო სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით.

იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველს არ ახსოვს უნიკალური კოდი, მას შეუძლია დარეკოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე – 2 200 220 ან თავად გადაამოწმოს კოდი ვებგვერდზე: https://www.directors.mes.gov.ge.

აღსანიშნავია, რომ გასაუბრების განრიგის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს დირექტორობის მსურველთა ინფორმირებას ინდივიდუალურად როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით", - აღნიშნულია განცხადებაში.