„ფორმა შემოვა 2026-2027 სასწავლო წლიდან და საჯარო სკოლებში იქნება სავალდებულო. ყველა შემოთავაზებულ წინადადებას დავდებთ საჯარო განხილვაზე, საზოგადოებამ აარჩიოს, რომელი ფორმა მოსწონს“ - გივი მიქანაძე

მიქანაძე

„ფორმების საკითხი სავალდებულო კონტექსტში ეხება მხოლოდ საჯარო სკოლებს დაწყებით საფეხურზე. კერძოს არ შეეხება, თუმცა, რამდენადაც მე ვიცი, ყველა კერძო სკოლას აქვს თავის სკოლის ფორმა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლის ბმა უფრო გავაძლიეროთ სკოლასთან და მისი ასოცირება სასკოლო გარემოსთან, პლუს, თანასწორობის პრინციპისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია," - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ „ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

„ფორმა შემოვა შემდეგი სასწავლო წლიდან, ანუ 2026-2027 სასწავლო წლიდან და ყველა საჯარო სკოლაში იქნება სავალდებულო. დღეს ყველა სკოლას აქვს უფლება, შემოიტანოს ფორმა, მაგრამ ერთეულებია ის სკოლები, სადაც ეს ფორმა არის შემოტანილი, ამიტომ ჩვენ გადავდივართ სავალდებულო კომპონენტზე.

შერჩევა იქნება შემდეგნაირად - ძალიან მალე, ჩვენი სამინისტრო საჯაროდ გამოაცხადებს კონკურსს კონკრეტული კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ, რომ შემოიტანონ დიზაინი. ყველა შემოთავაზებულ წინადადებას დავდებთ საჯარო განხილვაზე და კენჭისყრაზე. ანუ, თვითონ საზოგადოებამ აარჩიოს, რომელი ფორმა მოსწონს ყველაზე მეტად. შემდეგ, ამაზე ჩამოვყალიბდებით და რამდენიმე ფორმა მაინც შეირჩევა გამარჯვებულად და სკოლებს შეეთავაზებათ ეს დიზაინი. შემდგომში თითოეულმა სკოლამ თვითონ აირჩიოს, რომელი ფორმა სურს, რომ თავისი სკოლის მოსწავლეებისთვის არსებობდეს. ამიტომ აქ სასკოლო საზოგადოების, მშობლების და მთლიანად საზოგადოების ჩართულობა მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება", - აცხადებს გივი მიქანაძე.