ფოტოები - რა მდგომარეობაა ამ დროისთვის ხარაგაულის სოფლებში, სადაც მეწყრული პროცესები გააქტიურდა
1751110734
2025 წლის საგამოცდო ცენტრების მომზადება აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. სამუშაოების ადგილზე გასაცნობად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი მოდებაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ქალაქ ბათუმისა და ხულოს საგამოცდო ცენტრებს ესტუმრნენ. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
გიორგი მოდებაძემ და ნინო წერეთელმა გორისა და ოზურგეთის საგამოცდო ცენტრებიც მოინახულეს.
ამჟამად მიმდინარეობს ცენტრების მოწყობა და აღჭურვა, მათ შორის - გაგრილების სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოები. გრძელდება საკანცელარიო, სამეურნეო თუ სხვა საჭირო მასალით ცენტრების მომარაგება. აგრეთვე, ელექტრო, ინტერნეტ ქსელებისა და ვიდეოკამერების მონტაჟი.
უახლოეს დღეებში ცენტრები კომპიუტერებით აღიჭურვება. სრულად მოწესრიგდება სექტორები. საგამოცდო ცენტრებში ყველა პირობა შეიქმნება იმისათვის, რომ საგამოცდო პროცესი კომფორტულ გარემოში წარიმართოს.
2025 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის გამოცდებისათვის 80 ათასამდე პირია დარეგისტრირებული.
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21 და 22 ივლისს ჩააბარებენ.