წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762371710
ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტის, „კარგი მთავრობის ინდექსის“ შეფასების მიხედვით, ცვლილებებზე ეფექტურად რეაგირების კუთხით საქართველო გლობალურად ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ რეიტინგის თანახმად, საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულშია.
„თუ შევხედავთ ევროპის ქვეყნებს, საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულში ხვდება და ამ კომპონენტის მიხედვით მას მხოლოდ ლუქსემბურგი უსწრებს. უნდა აღინიშნოს, რომ გლობალური ცვლილებებსა თუ გლობალურ გამოწვევებზე რეაგირების კუთხით საქართველო ყოველთვის დროულ პოლიტიკის გადაწყვეტილებებსა თუ ქმედებებს ახორციელებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტმა, ცვლილებებზე ეფექტურად რეაგირების შეფასება „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ ფარგლებში გამოაქვეყნა. რეიტინგი ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალურ გამოკითხვას თემაზე „რამდენად ეფექტურად რეაგირებს მთავრობა ცვლილებებზე“. გლობალურ გამოკვლევაში საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიიღო - მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში 6 ადგილით დაწინაურდა და 11-ე პოზიციაზეა, ევროპის საუკეთესო სამეულში კი მეორე ადგილი დაიკავა. ევროპის საუკეთესო სამეულს : ლუქსემბურგი, საქართველო და შვეიცარია წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგის თანახმად, საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 5 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 32 სახელმწიფოს.
ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ სწორედ გლობალურ ცვლილებებსა თუ გამოწვევებზე დროულ და ეფექტურ რეაგირებაზე მეტყველებს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის და მაკროეკონომიკური გარემოს კუთხით არსებული მნიშვნელოვნად პოზიტიური ტენდენციები.
„ამის ნათელი დადასტურებაა ის ეკონომიკური შედეგები, რომლებიც საქართველოს აქვს - გლობალურად ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა და მოსალოდნელია, რომ ამ კუთხით მოწინავე პოზიციას მომდევნო წლებშიც შეინარჩუნებს“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.