საქსტატი: იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტი 70.0 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 026.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22.9 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 64.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 70.0 პროცენტით გაიზარდა და 659.7 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

უწყების ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.1 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი – 143.9 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 84.9 მლნ. აშშ დოლარითა და თურქეთი – 76.1 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 125.6 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 19.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 88.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს თხილი და სხვა კაკალი 34.2 მლნ. აშშ დოლარით.