საქსტატი: 2024 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 11.5 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 11.5 პროცენტით, ანუ 204.0 ლარით გაიზარდა და 1 970.8 ლარი შეადგინა.

2024 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა ყველა სექტორში დაფიქსირდა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი იყო ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში – 3 923.1 ლარი, რაც წინა წელთან შედარებით 1.7 პროცენტით მეტია. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობაში ხელფასმა 3 677.6 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იგივე პერიდს 14.4 პროცენტით აღემატება. ხოლო პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორში ანაზღაურებამ 2 823.4 ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.6 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, 2024 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 591.6 ლარით, ხოლო კაცების – 2 340.7 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 166.2 ლარი (11.7 %) შეადგინა, ხოლო კაცებში – 240.8 ლარი (11.5%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2024 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 436.0 ლარით, ანუ 20.6 %-ით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულების საშუალო თვიურ ხელფასთან შედარებით. 2023 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 13.0 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 10.9 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად 1 680.5 და 2 116.5 ლარი შეადგინა.

გასულ წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი სამეწარმეო სექტორში 197.2 ლარით, ანუ 10.8%-ით გაიზარდა და 2 024.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 007.2 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 1.2 პროცენტით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 147.4 ლარი, წინა წელთან შედარებით გაზრდილია 11.9 პროცენტით) დარგში ფიქსირდება.

უწყების ანგარიშით, 2024 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 217.2 ლარით, ანუ 13.2%-ით და 1 866.8 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთამთიანეთის რეგიონი.