ეს 6 ლოცვა ყველა სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ
1751313261
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია TAV Airports-ის პრეზიდენტ სერქან კაპტანთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც განხილულ იქნა კომპანიის შეთავაზება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარების შესახებ, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
„კომპანია TAV Airports-ი ამჟამად თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია და ერთ-ერთი უმსხვილესი საავიაციო ჰოლდინგის, ფრანგული Groupe ADP - ის წევრია. აღსანიშნავია, რომ TAV Airports-ის მხრიდან წინადადების წარმოდგენას წინ უძღოდა შეხვედრა ADP - ის უმაღლეს ხელმძღვანელ პირებთან პარიზის ბოლო საავიაციო გამოფენის ფარგლებში, სადაც პირველად დაფიქსირდა საავიაციო ჰოლდინგის მხრიდან თბილისისა და ბათუმის მოქმედ აეროპორტებში დამატებითი ინვესტიციების განხორციელების ინტერესი.
სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამარ იოსელიანი და ამავე კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, აგრეთვე კომპანია ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.
როგორც სამუშაო შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ვაზიანში, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი 2031 წლიდან ამოქმედდება და გათვლილი იქნება 19 მლნ მგზავრზე წელიწადში. მისი თქმით, დღეს სამოქალაქო ავიაცია ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორია საქართველოში - 2024 წელს მგზავრთნაკადი 24 პროცენტით გაიზარდა და 7,4 მლნ მგზავრს გადააჭარბა, ეს ტენდენცია 2025 წელსაც გაგრძელდა. ასევე მზარდია საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა. მინისტრის განცხადებით, ამ ტენდენციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა განიხილავს თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტის მოდერნიზაციასა და გაფართოებას, რათა ვაზიანის ამოქმედებამდე, შესაძლებელი იყოს გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურება შეფერხების გარეშე.
როგორც TAV Airports-ის პრეზიდენტმა განაცხადა, წელს კომპანია აღინიშნავს თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ოპერირების დაწყებიდან 20 წლის იუბილეს. მისი თქმით, TAV Airports-ი განიხილავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას, რომელიც მოხმარდება არსებული ტერმინალის გაფართოებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და უზრუნველყოფს 2031 წლამდე აეროპორტის გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურებას. სერქან კაპტანის განცხადებით, კომპანიის შეთავაზება ითვალისწინებს თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობის გაორმაგებას. „გასულ წელს ჩვენ 4,7 მილიონი მგზავრი გვყავდა. ტერმინალებში გამტარუნარიანობის ზედა ზღვრამდე მივდივართ, სწორედ ამიტომ მივმართეთ საქართველოს მთავრობას, რათა შეგვეთავაზებინა ახალი ინვესტიცია ტერმინალების გასაუმჯობესებლად და აეროპორტის გამტარუნარიანობის 10 მილიონ მგზავრამდე გასაზრდელად,“ - აღნიშნა TAV Airports-ის პრეზიდენტმა.
სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოხდება TAV Airports-ის შეთავაზების დეტალური შესწავლა თბილისის არსებული აეროპორტის გაფართოებასა და დამატებით ინვესტიციის განხორციელების მიზნით. ტავ ჯორჯია საქართველოში 20 წელია ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში თბილისისა და ბათუმის აეროპორტების განვითარებაში 230 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.