მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადის მოზიდვის მიზნით, ტურიზმის ადმინისტრაცია ინდოეთიდან 15 მსხვილ კომპანიას მასპინძლობს, რომლებიც საქართველოში საქორწილო ღონისძიებების ჩატარებით არიან დაინტერესებულები

მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალი მიმართულების განვითარებას იწყებს. ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ინდოეთიდან 15 მსხვილ კომპანიას მასპინძლობს. კომპანიები საქართველოში საქორწილო ღონისძიებების ჩატარებით არიან დაინტერესებულები.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზანია ინდოეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადის მოზიდვა, საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობა, ღონისძიებების, ფორუმების, კონგრესებისა და ქორწილების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს დანახარჯების გაზრდას ინდოეთის ტურისტული ბაზრიდან.

ინდური კომპანიების წარმომადგენლები თბილისში, მუხრანსა და კახეთის რეგიონში სხვადასხვა სახის ღონსიძიებებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურასა და სასტუმროებს გაეცნენ, სადაც ქორწილების ჩატარებაა შესაძლებელი.

ვიზიტის ფარგლებში, ინდური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

ინდოეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, 2025 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, ინდოეთიდან საქართველოში 75 893 ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +31.4%-ია.

ტოპ ქვეყნებს შორის ინდოეთი მე-6 ადგილზეა. ინდოეთიდან ვიზიტორების 2025 წლის 6 თვის მონაცემებით მთლიანი დანახარჯი 110.5 მილიონი ლარია.

ახალი მიმართულებების განვითარების მიზანშეწონილობაზე საუბრობს კვლევითი და საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-იც. კომპანიის 2025 წლის ორი კვარტლის კვლევაში აღნიშნულია, რომ ინდოეთის ბაზრის მასშტაბის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, უფრო მაღალმხარჯველი სეგმენტის მოზიდვა. მნიშვნელოვანია საქმიანი და ღონისძიებებზე ორიენტირებული ვიზიტების, როგორიცაა კონფერენციები, ფორუმები, ქორწილების გამართვის მეტი წახალისება.