შობის მარხვა - კვების კალენდარი, ნებადართული პროდუქტები და მნიშვნელოვანი თარიღები
1795458061
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აზიისა და აფრიკის ქვეყნების ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებს უმასპინძლა. სემინარი მონეტარული პოლიტიკისა და მდგრადი დაფინანსების აქტუალურ საკითხებს მოიცავდა. შეხვედრის მიზანი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ცენტრალურ ბანკებს შორის პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავება იყო.
ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის, ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა გამოცდილება ყირგიზეთის, ზამბიისა და ნიგერიის ცენტრალური ბანკების კოლეგებს გაუზიარეს.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ.
„მოხარული ვართ, ჩვენი გამოცდილება სხვა ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს გავუზიაროთ და ტექნიკური დახმარების, კონსულტაციებისა თუ ტრენინგების სახით. მსგავსი სამუშაო შეხვედრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მოთხოვნადია საქართველოს ეროვნული ბანკში დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება და რამდენად პროგრესულია ჩვენი რეფორმები“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ფინანსური აქტივებისა და საერთაშორისო რეზერვების მართვის, მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების, ლიკვიდობის მართვისა და სავალუტო ბაზრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე, გაეცნენ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის მუშაობის პრაქტიკულ ასპექტებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მდგრადი დაფინანსების საკითხებს, მათ შორის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი ფაქტორების გათვალისწინებას საფინანსო სექტორის პოლიტიკასა და პრაქტიკაში, კლიმატთან დაკავშირებული ფინანსური რისკების შეფასებას, მარეგულირებელ მიდგომებსა და მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში საფინანსო ინსტიტუტების როლს.
სემინარის ცალკე სესია საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის საქმიანობას დაეთმო. ასოციაციის პრეზიდენტმა, ლაშა ჯუღელმა, უცხოელ კოლეგებს ორგანიზაციის საქმიანობა და საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პროცესში მისი როლი გააცნო.
ეს არის მორიგი სასწავლო შეხვედრა ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო სივრცის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, იმავე პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთისა, ტაჯიკეთისა და კენიის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებს უმასპინძლა. ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროფესიული განვითარების რეგიონალურ ცენტრთან, CCAMTAC-თან თანამშრომლობით ჩატარდა ფინანსური პროგრამირებისა და პოლიტიკის სემინარი, რომელშიც საქართველოს საჯარო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.