ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში წლიურმა ინფლაციამ 3.5% შეადგინა, ხოლო აპრილთან შედარებით ფასები 0.4%-ით გაიზარდა

ბანკი

ეროვნული ბანკის ცნობით, ინფლაცია სამიზნე 3-პროცენტიან მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდება, მაისში წლიურმა ინფლაციამ 3.5% შეადგინა, ხოლო აპრილთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.4%-ით მოიმატა.

საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით სურსათის ფასები მოქმედებდა, ხოლო ინტერნეტის გადასახდელთან ერთად საწვავის ფასები კვლავ დისინფლაციურია. აღნიშნულს მსოფლიოში ნავთობის ფასის გაიაფება განაპირობებს, ხოლო სურსათის ფასების ინფლაცია გარკვეულწილად საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილ ფასებს უკავშირდება. საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2.0% შეადგინა.

„მაისში გასულ თვესთან შედარებით სამომხმარებლო კალათაში ყველაზე მნიშვნელოვანი კარტოფილის 33.5%-იანი გაძვირება იყო, რის შედეგადაც თვის ინფლაცია 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. შემცირების მხრივ აღსანიშნავია ყველის და ბენზინის გაიაფება, რამაც თვის ინფლაცია ჯამში 0.2 პროცენტული პუნქტით შეამცირა. წლიურად, როგორც აღვნიშნეთ, ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად სურსათის გაძვირება მოქმედებდა. სურსათი გასულ წლის მაისთან შედარებით 8.0%-ით გაძვირდა. კერძოდ, კარტოფილის ინფლაციასთან ერთად, უნდა აღინიშნოს პურის, ზეთის და იმერული ყველის გაძვირება, რამაც ინფლაცია ჯამში 1.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტებისა და თერაპევტის კონსულტაციის გაძვირება. საწვავის და ინტერნეტის გაიაფებამ ინფლაცია შესაბამისად 0.5 პროცენტული პუნქტით და 0.4 პროცენტული პუნქტით შეამცირა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

ამასთან, ცენტრალური ბანკის ცნობით, ადგილობრივად და შერეულად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ შესაბამისად 4.9% და 5.8% შეადგინა. ცენტრალური ბანკის ცნობით, ადგილობრივი ინფლაციის მატება ყველაზე მეტად პურის გაძვირებას უკავშირდება.

„მომსახურების ინფლაცია, რომელიც ადგილობრივის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, წინა თვესთან შედარებით შენელდა და მაისში 2.2%-ს გაუტოლდა. შერეული ინფლაციის მატება ყველაზე მეტად მზესუმზირის ზეთისა და კარტოფილის გაძვირებას უკავშირდება. იმპორტირებულ პროდუქტებში დიდწილად საწვავის გაიაფების გავლენით 2.0%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.