შეცდომა, რომელსაც მორწმუნეები აღდგომის ღამეს უშვებენ - ღვთის მსახურის განმარტება
1775592664
ეროვნული ბანკის მონაცემებით, მარტში წლიურმა ინფლაციამ 4.3% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.8%-ით მოიმატა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომისა და ტრანსპორტირების შეფერხებების ფონზე, ნავთობის საერთაშორისო ფასებმა მკვეთრად მოიმატა. შედეგად, საწვავის ფასებს გლობალურად და მათ შორის საქართველოში, ზრდის ტენდენცია აქვს. სებ-ის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, მთლიანი ინფლაციის ზრდა მეტწილად სწორედ საწვავის ფასების მატებამ განაპირობა. ამასთან, საწვავის ფასების ზრდის ინფლაციაზე გავლენა მარტის მონაცემებში მხოლოდ ნაწილობრივ აისახა. საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, მარტში 2.4% შეადგინა.
ამასთან, ცენტრალური ბანკის ცნობით, მარტში, გასულ თვესთან შედარებით სამომხმარებლო კალათაში ყველაზე მნიშვნელოვანი ზემოთაღნიშნული მიზეზის გამო, საწვავის გაძვირება იყო. ბენზინი და დიზელი საშუალოდ შესაბამისად, 5.1% და 10.6%-ით გაძვირდა, ხოლო ამ ორი პროდუქტის ჯამურმა წვლილმა თვის ინფლაციაში 0.26 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
„წლიურ ჭრილში, ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად კვლავ სურსათის ინფლაცია აისახება. თუმცა გასულ თვეებთან შედარებით სურსათის და უალკოჰოლო სასმელების წვლილი შემცირებულია. მარტში ამ ჯგუფის ინფლაციამ 7.5%, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 2.6 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აქედან ყველაზე დიდი გავლენა პურს, ძროხის ხორცს და მზესუმზირის ზეთს ჰქონდა. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია, ოქროს ბეჭდის (0.3 პპ), სიგარეტის (0.3 პპ) და ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფის (0.4 პპ) წვლილები ინფლაციაში.
ინფლაციის შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაიაფება მოქმედებს. ტელევიზორის, მაცივრის, სარეცხი მანქანის და კომპიუტერის გაიაფებამ ჯამში ინფლაცია 0.3 პროცენტული პუნქტით შეამცირა“, – აღნიშნულია სებ-ის ანგარიშში.
რაც შეეხება ადგილობრივად წარმოებულ პროდუქტების ინფლაციას, მარტში წლიურმა ინფლაციამ 6.0% შეადგინა.
„ადგილობრივი ინფლაციის ზრდაზე ყველაზე მეტი გავლენა პურის, ხორცისა და ყველის ფასებს აქვს. შერეულად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია 4.9%-ია, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი ოქროს ბეჭედს, ზეთსა და შოკოლადს აქვს. იმპორტირებული პროდუქტების დაბალ ინფლაციას (0.5%) მეტწილად ტექნიკა განაპირობებს, თუმცა წინა თვესთან შედარებით გაზრდილის საწვავის ფასების გამო იმპორტირებულმა ინფლაციამ მოიმატა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.