„ბაზარზე დიზელის საწვავის დეფიციტია” - რას პროგნოზირებენ ნავთობის იმპორტიორები

ფასი

დიზელის ფასები ბენზინგასამართ სადგურებში 4,5-ლარიან ნიშნულს უკვე გასცდა. ნავთობიმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ თვეში დიზელის ღირებულებამ 25-30%-ით მოიმატა, რომლის ერთ-ერთი ფაქტორი საერთაშორისო ბაზარზე დიზელის გაძვირებაა. კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ ნავთობიმპორტიორები მაღალი საერთაშორისო ფასით დიზელის ქვეყანაში შემოტანას თავს არიდებენ, რამაც დეფიციტი შექმნა.

“ვითარება საქართველოს ბაზარზე დიზელის ფასთან დაკავშირებით საკმაოდ რთულია. სირთულე განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის პირველი ის, რომ საერთაშორისო ფასები უშუალოდ დიზელზე არის საგრძნობლად გაზრდილი. დღეს ის რეკორდულად ერთ-ერთ მაღალ მაჩვენებელზეა. კერძოდ 1 ტონას ფასი 1 360 დოლარზეა ასული, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში 25-30%-იანი გაძვირებაა.

ამას ემატება ის, რომ მომწოდებლებთან დაკავშირებით არის მნიშვნელოვანი პრობლემები, დღეს შეიძლება ითქვას, რომ ბაზარზე დიზელის საწვავის გარკვეული დეფიციტია, რასაც თავისი ობიექტური ფაქტორები აქვს. მათ შორის აზერბაიჯანიდან ბოლო ორ თვეზე მეტია გართულებულია პროდუქციის მოწოდება, ტექნიკური გადაიარაღების პროცესი მიდის აზერბაიჯანში. ერთი მხრივ გაზრდილი საერთაშორისო ფასი და მეორე მხრივ მოწოდებაში შეფერხებები იწვევს ფასების ზრდას", - აცხადებს ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.

მთვრალაშვილის თქმით, ფასების ნაწილში განსხვავებული სურათია ბენზინის საწვავზე. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ფასების კლების ტენდენცია შეიმჩნევა. ამ ეტაპზე არაბრენდირებულ ბენზიგასამართ სადგურებში რეგულარის ტიპის საწვავს 3 ლარის ფარგლებში ყიდიან, თუმცა ამის პარალელურად, პრემიუმისა და სუპერის ტიპის საწვავზე ფასები კვლავ მზარდი ტენდენციით ხასიათდება.

 

წყარო: bm.ge