რა დაწერა ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა სოციალურ ქსელში
1792959838
27-28 ოქტომბერს თბილისში, რიგით მეორე „თბილისის ფინანსური სამიტი“ გაიმართება, რომელიც ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლებს გააერთიანებს. მასშტაბური საერთაშორისო სამიტის მთავარი თემა „რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში“ იქნება. სამიტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახსნის. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ხელმძღვანელი სოპნენდუ მოჰანტი. წლევანდელ სამიტში 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი და 100-მდე მაღალი რანგის სპიკერი მიიღებს მონაწილეობას. სამიტის მონაწილეებს შორის არიან ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა Swift, UnionPay, Luma Group, Accel, Tether, Ant International და სხვა. ასევე ჩინეთის ბანკის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი იანგ ჯუნი, ყაზახეთის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ბინურ ჟალენოვი, ალბანეთის ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ჰოლტა ზაჩაი, ჩინეთის სახალხო ბანკის ციფრული ვალუტის კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორი მუ ჩანგჩუნი, სომხეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ოვანეს ხაჩატრიანი, ბოსნია-ჰერცეგოვინას ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ემირ კურტიჩი, ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ზდენეკ ტუმა და ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის პრეზიდენტი რენატ ბექტუროვი. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია თემატური სესიები, პანელური დისკუსიები, სამუშაო და პროფესიული შეხვედრები. განხილვის ძირითადი მიმართულებები იქნება რეგიონული ფინანსური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, ციფრული აქტივები, გადახდების მომავალი, ღია ბანკინგი, ხელოვნური ინტელექტი და ფინანსური სისტემების კიბერუსაფრთხოება. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ალბანეთის, სომხეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ყაზახეთისა და ჩინეთის ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში - ცენტრალური ბანკების პრიორიტეტები 2027 წლისთვის, სადაც მონეტარულ პოლიტიკაზე, ფინანსურ სტაბილურობასა და ციფრულ და ტრანსსასაზღვრო ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე იმსჯელებენ. სამიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების, ციფრული აქტივების რეგულირების საკითხებსა და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვას. სამიტის დღის წესრიგი ასევე მოიცავს რეგიონში ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოების საკითხებს. სამიტის ფარგლებში გაიმართება AI და ღია ბანკინგის ჰაკათონის დემო დღე. ჰაკათონი ეროვნული ბანკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტენოლოგიების სააგენტოს ერთობლივი პროექტია და მასში 28 ადგილობრივი და საერთაშორისო გუნდი მონაწილეობს. გამარჯვებულები 28 ოქტომბერს სწორედ დემო დღეზე გამოვლინდებიან. „„თბილისის ფინანსური სამიტი“ საქართველოსთვის საერთაშორისო ფინანსურ და ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში პოზიციების გაძლიერების შესაძლებლობაა. ღონისძიება ხელს შეუწყობს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, ფინანსური ინოვაციების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და საქართველოს, როგორც რეგიონული ფინანსური და ტექნოლოგიური პლატფორმის, პოტენციალის წარმოჩენას“, - აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურში დაფუძნებული გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით ტარდება. GFTN სინგაპურში დაფუძნებული საერთაშორისო ქსელია, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიების, ციფრული ტრანსფორმაციისა და თანამედროვე ფინანსური ეკოსისტემების განვითარებაზე მუშაობს. აღნიშნული ქსელი მოიცავს მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ცენტრებს ისეთები როგორიცაა სინგაპური, იაპონია, შვეიცარია, ა.შ. 2025 წელს ქსელს საქართველოც შეუერთდა.