2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 13.6 პროცენტით მეტი ტვირთი გადაამუშავეს - საქსტატი

ნავსადგურები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4 121 გემი, რომელთა 34.2 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 31.3 პროცენტი — თხევადი ტვირთმზიდი, 24.0 პროცენტი — კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 10.5 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.

საქსტატის ცნობით, 2024 წლის კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 42.9 პროცენტით მეტი სპეციალიზებული გემი მიიღო, 8.4 პროცენტით მეტი თხევადი ტვირთმზიდი, 2.2 პროცენტით მეტი — გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, კონტეინერმზიდი კი — 18.2 პროცენტით ნაკლები.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 22.6 პროცენტი თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15.3 პროცენტი — პანამის, 9.2 პროცენტი — მალტის, 6.6 პროცენტი — ლიბერიის, დანარჩენი 46.3 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.

2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 4 232.0 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 13.6 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.