სახელმწიფოს არავითარი ვალდებულება აღნიშნულ პროექტში არ გააჩნია და მას არ აქვს აღებული არავითარი ფინანსური ვალდებულება - მარიამ ქვრივიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე

მარიამ ქვრივიშვილი

სახელმწიფომ პირიქით, უზრუნველყო ის, რომ შექმნა ახალი პრეცედენტი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ეს ნამდვილად არის სანიმუშო შეთანხმება და ინვესტიცია, რადგან ამ ხელშეკრულებაში უმთავრესად და უპირველესად ჩვენი ქვეყნის ინტერესი პირველ ეტაპზე დაყენებული - ამის შესახებ, „ღამის კურიერის“ ეთერში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს „იგლ ჰილსის“ პროექტში არავითარი ფინანსური ვალდებულება არ გააჩნია.

„სახელმწიფოს არავითარი ვალდებულება აღნიშნულ პროექტში არ გააჩნია და მათ შორის, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დავაფიქსირებთ დღეს იმას, რომ სახელმწიფოს არ აქვს არავითარი ფინანსური ვალდებულება აღებული ამ პროექტში, სახელმწიფოს არ გაუცია მათ შორის ფინანსური გარანტია და ასევე, ხაზს გავუსვამ, რომ, მიუხედავად უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციისა, სახელმწიფოს მათ შორის არ მიუცია საგამონაკლისო ან განსხვავებული შეთავაზება, მათ შორის საგადასახადო აღნიშნული ინვესტორისთვის.

შესაბამისად, სახელმწიფომ პირიქით, უზრუნველყო ის, რომ შექმნა ახალი პრეცედენტი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ეს ნამდვილად არის სანიმუშო შეთანხმება და ინვესტიცია, რადგან ამ ხელშეკრულებაში უმთავრესად და უპირველესად ჩვენი ქვეყნის ინტერესი პირველ ეტაპზე დაყენებული - ეს არის ერთი. მეორე არის ის, რომ, სახელმწიფოს ნულოვანი ვალდებულებით, სახელმწიფომ უზრუნველყო, რომ, ერთი მხრივ, მოიზიდა ამხელა ინვესტიცია, ასეთი რეპუტაბელური ინვესტორი შემოიყვანა, ამხელა გავლენა იქნება ჩვენი ქვეყნის დადებითად ეკონომიკაზე და მეოთხე - დამატებით, ამ ყველაფერთან ერთად, უზრუნველყო ის, რომ 33% პირდაპირ წამოიღო საერთო საწარმოში“, - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.