ნათია თურნავა - თბილისის ფინანსური სამიტი საქართველოსთვის ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოების თვალსაზრისით წარმატებული იყო

ნათია თურნავა

27-28 ოქტომბერს, თბილისმა რიგით მეორე საერთაშორისო „თბილისის ფინანსურ სამიტს“ უმასპინძლა, რომელმაც მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის დაახლოებით 1 000 წარმომადგენელს მოუყარა თავი.

სამიტის მთავარი თემა „რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში“ იყო. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურში დაფუძნებული გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

სამიტში მონაწილეობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკების და საინვესტიციო კომპანიების ლიდერები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები. სწორედ მათი მონაწილეობით შეიქმნა პლატფორმა გლობალური ფინანსური ტენდენციების, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივების განსახილველად.

ორდღიანი სამიტზე მონაწილეებმა განიხილეს გლობალური ფინანსური სექტორის განვითარების აქტუალური ტენდენციები, რეგიონული ფინანსური კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები, ტრანსსასაზღვრო გადახდების განვითარება, ციფრული ვალუტები, ხელოვნური ინტელექტი, ღია ბანკინგი, ფინანსური ტექნოლოგიები და გეოპოლიტიკური გამოწვევების პირობებში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.

სამიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საერთაშორისო ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი მასშტაბის შეხვედრები საქართველოს შესაძლებლობას აძლევს საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა და საინვესტიციო პოტენციალი გააცნოს. მისივე შეფასებით, სამიტი საკმაოდ წარმატებული იყო და მასში საერთაშორისო ინვესტორებისა და საინვესტიციო ფონდების მონაწილეობა საქართველოსთვის ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.

სამიტში აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა და სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებმა. პანელური დისკუსიების ფარგლებში მათ ისაუბრეს რეგიონული საგადახდო სისტემების ურთიერთთავსებადობაზე, ტრანსსასაზღვრო გადახდების განვითარებაზე, საბანკო სექტორის პერსპექტივებსა და რეგიონული ფინანსური კავშირების გაძლიერებაზე. შეხვედრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება და ფინანსური სექტორის განვითარების ახალი შესაძლებლობების განხილვა იყო.

„თბილისის ფინანსური სამიტის“ მნიშვნელოვანი სიახლე იყო საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გაფორმებული მემორანდუმები და ახალი ინიციატივები.

კერძოდ, საქართველოსა და სინგაპურს შორის ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში მომავალი ლიდერების სასტიპენდიო პროგრამის შექმნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ციფრული აქტივებისა და ინსტიტუციურმა ბანკმა Pave Bank-მა და სინგაპურში დაფუძნებულმა Global Finance & Technology Network-მა (GFTN). შეთანხმება ითვალისწინებს საქართველო-სინგაპურის გაცვლითი პროგრამის ამოქმედებას, რომელიც ქართველ სტუდენტებს სინგაპურის მენეჯმენტის უნივერსიტეტში (SMU) სწავლისა და საერთაშორისო ფინტექ ეკოსისტემის გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.

 

სამიტის ფარგლებში გაიმართა ღონისძიება AIFC Connect: Tbilisi 2026, რომელიც ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის, საქართველოს ეროვნული ბანკის, GFTN-ის ორგანიზებით და ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავებას, კაპიტალის ბაზრებზე ურთიერთწვდომის გაფართოებასა და ტრანსსასაზღვრო ინვესტიციების ხელშეწყობას.

სამიტის ფარგლებში ასევე გაიმართა ღონისძიება Global Use of RMB, რომელიც Bank of China-ს, საქართველოს ეროვნული ბანკისა და GFTN-ის ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრის მიზანი ჩინურ იუანში (RMB) საერთაშორისო საინვესტიციო და საფინანსო შესაძლებლობების ხელშეწყობა და ჩინეთს, საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

„თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში სებ-სა და Bank of China-ს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვით Bank of China საქართველოს ეროვნულ ბანკს CIBM ბაზარზე ოპერაციების განხორციელებისთვის საჭირო ძირითად მომსახურებას გაუწევს, რაც ეროვნულ ბანკს ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების გაფართოების შესაძლებლობას მისცემს.

ღონისძიებამ ასევე უმასპინძლა საერთაშორისო ფინტექ ჰაკათონის დემო დღეს. ჰაკათონში მონაწილე ადგილობრივმა და საერთაშორისო გუნდებმა ფინანსურ სექტორში არსებული გამოწვევების ტექნოლოგიური გადაწყვეტები წარადგინეს. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულმა გუნდებმა GITA-ს მიერ დაწესებულ ფულად პრიზებთან ერთად მოიპოვეს დუბაისა და სინგაპურის გლობალურ ტექნოლოგიურ  ღონისძიებებზე დასწრების საგზურები.

„თბილისის ფინანსური სამიტი“ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ფინანსური სექტორის საერთაშორისო პოზიციონირებას, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას, ინოვაციების განვითარებასა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნას. სამიტი ყოველწლიურ ტრადიციად ჩამოყალიბდება და მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო დიალოგისა და ფინანსურ სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობას.

✕