1776235075
„იანვარი-თებერვალი - საკმაოდ აქტიური იყო აქტიური იყო ღონისძიებების კუთხით” - ირმა კოდუა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2026 წლის იანვარი-მარტის პერიოდში საქართველოში 997,529 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4%-ით მეტია.
„Grata DMC“-ის წარმომადგენლის, ირმა კოდუას განცხადებით, წლის დასაწყისი კორპორატიული სექტორისთვის განსაკუთრებით აქტიური აღმოჩნდა.
“იანვარი-თებერვალი საკმაოდ აქტიური იყო. აქტიური იყო ღონისძიებების კუთხით, იმიტომ რომ კორპორატიული კლიენტები ამ პერიოდში იწყებენ შეხვედრებს, აფასებენ წლის გეგმას, იწვევენ სხვადასხვა თანამშრომლებს სხვადასხვა რეგიონებიდან და ამ კუთხით საკმაოდ კარგი დასაწყისი იყო.” კოდუას შეფასებით, მიმდინარე გლობალური გამოწვევები ბაზრების დივერსიფიკაციასა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიებს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
„გლობალური რისკების ფონზე, მნიშვნელოვანია საქართველოს პრომოუშენი სხვადასხვა ბაზარზე. ჩვენი ძირითადი პარტნიორები ახლო აღმოსავლეთიდან გადაწყვეტილებებს საკმაოდ სწრაფად იღებენ, ამიტომ სტაბილურობის ნიშნულის მიღწევისთანავე, ბიზნესი ამ მიმართულებიდან მალე დაბრუნდება. ევროპული ბაზრებიც უკვე ოპერატიულად მოქმედებენ, ამიტომ რაც მეტი იქნება წვდომა სხვადასხვა ქვეყანაზე, მით უფრო პოპულარული გახდება საქართველო“, - განაცხადა ირმა კოდუამ.
მისივე თქმით, ბიზნესის დინამიკა აჩვენებს, რომ საქართველო სულ უფრო მეტად იძენს რეგიონალური შეხვედრების ჰაბის ფუნქციას. “კომპანიები, რომლებსაც ოფისები აქვთ აღმოსავლეთ ევროპაში, შუა აზიასა თუ თურქეთში, შეკრების ადგილად სულ უფრო ხშირად ირჩევენ საქართველოს. რაც უფრო აქტიურად დავაპოზიციონირებთ ქვეყანას, როგორც ევროპისა და აზიის შესაყარზე არსებულ რეგიონალურ ჰაბს, მით მეტი ინტერესი იქნება ჩვენი მიმართულებით“, - აღნიშნა ირმა კოდუამ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით, პირველი კვარტლის ვიზიტორთა ტოპ 15-ში მეზობელ ქვეყნებთან ერთად არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ჩინეთი, ინდოეთი და სხვა მიზნობრივი ქვეყნები











