„გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომელიც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აჩენს ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების კუთხით“ - დავით სონღულაშვილი მწარმოებლებთან შეხვედრაზე

დავით სონღულაშვილი

პრემიერის ინიციატივა - ფასების რეგულირება პროდუქტებზე. სამთავრობო საკოორდინაციო კომისია მუშაობას განაგრძობს. ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართა შეხვედრა მწარმოებლებთან.

საკოორდინაციო კომისიას, თავდაპირველად სამომხმარებლო ფასები უნდა შეესწავლა, თუმცა გადაწყდა, რომ კომისია მედიკამენტებისა და საწვავის ფასების საკითხითაც დაინტერესდება. სამუშაო პროცესი აპრილის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომელი კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აჩენს ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების კუთხით.

"გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომელიც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აჩენს ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, ორგანიზებულ ქსელში აგროსასურსათო პროდუქტის შეღწევადობა, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ფაქტობრივად, ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა ადგილობრივი მწარმოებლების განვითარებისთვის, აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების გაზრდისთვის, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს, ფერმერებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტად გაზარდონ პროდუქციის მოსავლიანობა", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.