ბოლო 5 წელიწადში, ზრდის ტემპი საშუალოდ 9.3% გვაქვს, რაც არის უპრეცედენტო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიისთვის და სწორედ ამ ტემპების შენარჩუნებაა მიზანი, რომლისთვისაც შეიქმნა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია - ირაკლი გაბრიაძე

ირაკლი გაბრიაძე

ბოლო 5 წელიწადში ზრდის ტემპი საშუალოდ 9.3% გვაქვს, რაც არის უპრეცედენტო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიისთვის და სწორედ ამ ტემპების შენარჩუნებაა მიზანი, რომლისთვისაც შეიქმნა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გაბრიაძემ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

როგორც ირაკლი გაბრიაძემ აღნიშნა, ამ ტემპების შესანარჩუნებლად საჭიროა სახელმწიფოს მეტი ჩართულობა მცირე და საშუალო ბიზნესის და მსხვილი ბიზნესის მხარდასაჭერად.

„ის მექანიზმები, რომლებიც გვქონდა აქამდე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, რჩება და ემატება ახალი მექანიზმები, რომლითაც შევუწყობთ ხელს უკვე მთლიანად ეკონომიკას და არა მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესს“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა.

ირაკლი გაბრიაძის თქმით, კორპორაციის გაფართოებული მანდატი ითვალისწინებს მხარდაჭერას როგორც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ისე მსხვილი სტრატეგიული პროექტებისთვის, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

„კორპორაციის ერთ-ერთი ფუნქციაც, რაც განუსაზღვრა მას საქართველოს მთავრობამ, არის ის, რომ კორპორაციამ ითამაშოს კატალიზატორის  როლი, როდესაც საქმე ეხება მსხვილ სტრატეგიულ პროექტებს და წარმოადგინოს სახელმწიფო ამ მსხვილ სტრატეგიულ პროექტებში იმ დონეზე, რა დონეზეც იქნება საჭირო. ამ მიმართულებით აღსანიშნავია ენერგეტიკა და ვიცით, რომ გვაქვს რამდენიმე მსხვილი სტრატეგიული ენერგოობიექტი, რომლის განვითარებასაც გეგმავს უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობა და მაგალითად ამ პროექტებში კორპორაცია ჩაერთვება როგორც შემკვრელი, წარმოადგენს სახელმწიფოს, დაიცავს სახელმწიფოს ინტერესებს და მოახდენს, რომ კერძო ინვესტიციის მობილიზებაც მოახერხოს პროექტებში, სახელმწიფოს ინვესტიციაც, თუ საჭირო იქნა, განახორციელოს და მართოს აღნიშნული პროცესი. ამ მიდგომებით ვიხელმძღვანელებთ ყველა იმ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს რამდენიმე კრიტერიუმებით ვსაზღვრავთ“, - განმარტა ირაკლი გაბრიაძემ.

როგორც ირაკლი გაბრიაძე აღნიშნავს, კორპორაცია მომდევნო ათწლეულში ეკონომიკაში 40 მილიარდი ლარის ინვესტირებას ისახავს მიზნად.

„ეს არის 40 მილიარდი ლარი, რომელიც გვინდა, რომ ჩვენი ჩართულობით ამ თანხების ინვესტიცია განხორციელდეს საქართველოს ეკონომიკაში მომდევნო 10 წლის განმავლობაში. ეს 40 მილიარდი ლარი იშლება კონკრეტული მიმართულებებით. მაგალითად, 16 მილიარდი ლარი გვინდა, რომ უკვე არსებული პროგრამების ფარგლებში, ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირება, საკრედიტო-საგარანტიო სქემა, მიკროსესხები, ამ მოცულობას შევუწყოთ ხელი. ასევე კიდევ 15-16 მილიარდი ლარის ფარგლებში გვინდა, რომ ბონდების გამოშვებით და ბონდების გამოშვების წახალისებით მოვახდინოთ ამ თანხების მობილიზება. დაახლოებით 7-დან 10 მილიარდ ლარამდე გვინდა, რომ ახალი მექანიზმებით - ეს არის პირდაპირი სესხები,  ფონდებში ინვესტირება,  ფაქტორინგის პლატფორმის განვითარება და სხვა მიმართულებები  შევუწყოთ ხელი და მოხდეს ამ თანხების მობილიზება და მიმართვა კერძო სექტორისკენ.

გვინდა, რომ როდესაც კერძო კაპიტალის ფონდებზე ვსაუბრობთ, 10 წლის თავზე 1 მილიარდ ლარამდე გვქონდეს კერძო კაპიტალის ფონდებს ისეთ აქტივებში დაბანდებული, რომელიც გულისხმობს პირდაპირ წილობრივ მონაწილეობას.  ეს საკმაოდ ამბიციური მიზანია, თუმცა განხორციელებადი. გვინდა, რომ 2000-ზე მეტ ექსპორტიორს დავეხმაროთ, რათა მათ გაზარდონ და გააფართოონ ან დაიწყონ ქვეყნიდან პროდუქციის ექსპორტი და სხვა ბაზრებზე შესვლა. ეს არის საკმაოდ ამბიციური გეგმები, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ძალიან ინტენსიური სამუშაოები განხორციელდა ბოლო 3 თვის განმავლობაში“, - აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.

✕