ასეთი რანგის სტუმრის, როგორიცაა გაეროს ტურიზიმს ორგანიზაციის გენმდივანი, საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია - სოსო ფხაკაძე

სოსო ფხაკაძე

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) გენერალური მდივანი, შაიხა ალ ნუვაისი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი უძღვებოდა, მხარეებმა ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობები, სექტორის განვითარების პერსპექტივები და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ტურისტული პროდუქტების პოზიციონირების საკითხები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ სტუმრებსა და მონაწილეებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და BAG ინდექსის მონაცემები გააცნო. მისი შეფასებით, ტურიზმის ინდუსტრიის დინამიური განვითარება და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი საფუძველია:

„ასეთი რანგის სტუმრის ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია. მით უმეტეს, ჩვენთან ტურიზმის ინფრასტრუქტურა და ზოგადად ეს სექტორი ძალიან დინამიურად ვითარდება, განსაკუთრებით ბოლო წლებში, და მას მნიშვნელოვანი როლი უკავია ქვეყნის მთლიან ეკონომიკაში. BAG ინდექსის კვლევა წარგვადგინეთ , რაც მოიცავს ბიზნესის კლიმატს, დასაქმების ბარომეტრებსა და საინვესტიციო გარემოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დინამიკა სამივე მაჩვენებლის პოზიტიურია და გვაქვს ზრდა.” - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

სამუშაო შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი, საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.