თბილისის მერმა შარტავას ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა

შარტავა

თბილისის მერმა კახა კალაძემ საბურთლოს რაიონში, ჟიული შარტავას ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური შარტავას ქუჩის N16-ის მიმდებარედ ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და სასეირნო ბილიკები. სამუშაოები ასევე მოიცავს გამწვანების ღონისძიებებს, რომლის ფარგლებშიც ტერიტორიაზე ხე-მცენარეები დაირგვება.

„დავიწყეთ კიდევ ერთი სივრცის მოწესრიგება ჟიული შარტავას ქუჩაზე. სამუშაოების ფარგლებში, რომელიც წლის ბოლოსთვის დასრულდება, გათვალისწინებულია ხე-მცენარეების დარგვა, სარწყავი სისტემის მოწესრიგება. დამონტაჟდება განათების ბოძებიც და შეიქმნება სასიამოვნო გარემო დასვენებისთვის. დიდი ტერიტორია არ არის, თუმცა რაც არის, მაქსიმალურად მოწესრიგდება და გალამაზდება ყველაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, განახლდება საპარკო ავეჯი, რის შედეგადაც სკვერი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის და კომფორტულ რეკრეაციულ სივრცედ გადაიქცევა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 600 000 ლარამდეა, 2 100 კვ.მ ფართობზე ხორციელდება.

დედაქალაქის მერთან ერთად პროექტის მიმდინარეობას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე და პარლამენტის დელეგატი აკაკი ალადაშვილი გაეცნენ.