ნაძალადევის რაიონში ავტოფარეხების ნაცვლად რეკრეაციული სივრცე მოეწყო

ნაძალადევის რაიონი

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის II მ.რ. II კორპუსის მიმდებარედ 54 ავტოფარეხის დემონტაჟის შემდეგ სკვერი, სპორტული მოედანი და პარკინგი მოეწყო. ახალი რეკრეაციული სივრცის ფართობი 4 500 კვ.მ-ია. ინფორმაციას ამის შესახებ დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში, საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო ტრენაჟორები და ფანჩატური დამონტაჟდა, ფეხბურთის მოედანი, საპარკე ინფრასტრუქტურა, გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემა მოეწყო, ხის ნერგები დაირგო და ბალახის საფარი დაიგო.

ახალი დასასვენებელი და სპორტული სივრცე თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანმა, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერეს. ისინი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

„ამ მისამართზე, სადაც 220 ოჯახი ცხოვრობს, მხოლოდ უსახური ავტოფარეხები იყო. 54 ავტოფარეხის დემონტაჟის შემდეგ დასასვენებელი, სპორტული სივრცე და პარკინგი მოეწყო. ახალი სკვერითა და მოედნით, როგორც კორპუსის მცხოვრებლები, ისე მიმდებარე ქუჩების მოსახლეობაც სარგებლობს. ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან მსგავსი რეკრეაციული სივრცე ამ პერიმეტრზე აქამდე არასდროს ყოფილა“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

პროექტის ღირებულება 561 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.