დღეიდან, თბილისში პიკის საათებში მოძრაობის შეზღუდვა დისტრიბუციის მანქანებსაც შეეხება

კალაძე

თბილისის საზღვრებში, 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში, მოძრაობის შეზღუდვა სხვა დიდგაბარიტიან ტრანსპორტთან ერთად, უკვე დისტრიბუციის ავტომანქანებსაც შეეხება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 25 დეკემბერს გამართულ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აქამდე დისტრიბუტორებს გარკვეული ვადა ჰქონდათ მიცემული, ხოლო პირველი იანვრიდან შეზღუდვა უკვე აღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებსაც შეეხებათ.

მისივე თქმით, აღნიშნული რეგულაცია ითვალისწინებს შეზღუდვას N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებით დისტრიბუციაზე და არ ეხება M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავთ, რომ შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე, რა დროსაც დედაქალაქში არის უფრო დიდი სატრანსპორტო ნაკადები, დღე-ღამის დანარჩენ მონაკვეთში კი არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული და არც იგეგმება რაიმე ახალი შეზღუდვის დაწესება“, - აღნიშნა თბილისის მერმა 25 დეკემბერს თბილისის მთავრობის სხდომაზე.