1732386875
ახლა უკრაინას ბრძოლის ახალი მძიმე ზამთარი უახლოვდება და რადგან ომი გრძელდება, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რას ნიშნავს უკრაინის მხარდაჭერა „იმდენ ხანს, რამდენიც სჭირდება“ - ურსულა ფონ დერ ლაიენი
ახლა უკრაინას ბრძოლის ახალი მძიმე ზამთარი უახლოვდება და რადგან ომი გრძელდება, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რას ნიშნავს უკრაინის მხარდაჭერა „იმდენ ხანს, რამდენიც სჭირდება“, - ამის შესახებ სამიტის დაწყებამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ზუსტად ორი წლის წინ, სწორედ აქ ჩვენ პირველად განვიხილეთ რუსეთის სამხედრო მობილიზაცია და ძალების გაძლიერება უკრაინის საზღვარზე. ეს იყო 2 მტკივნეული წელი ყველასთვის და ჩვენ გვახსოვს ამ 2 მძიმე წელის ყოველი წამი. ჩვენ გვახსოვს კიევის ალყა, მეტროსადგურებში თავშესაფრები, უკრაინელი ხალხი, მარიუპოლის სამშობიარო განყოფილება, ბუჩაში ცხედრებით სავსე ჩანთები. ჩვენ გვახსოვს მთელი ის ტკივილი, რაც პუტინმა მიაყენა უდანაშაულო უკრაინელებს, ასევე ევროპელებს თავისი ენერგეტიკული შანტაჟით. მაგრამ ტკივილის გარდა, ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს შუქი, რომელიც ანათებდა ამ ბნელ დროს, უკრაინის წინააღმდეგობის გაწევის ძალა, უკრაინელების გამბედაობა, რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებული ადამიანების სიხარული, უკრაინის გვერდით მდგარი მთელი ევროპის კონტინენტის სოლიდარობა. ორი წლის წინ არც ერთი არ ჩანდა დამაჯერებლად ან თუნდაც შესაძლებლად. ასე რომ, ნება მომეცით პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეს შეძლო. უპირველეს ყოვლისა, უკრაინის საოცარი ხალხი, მაგრამ ასევე ევროპა, რომელიც დადგა ყველაფერზე მაღლა და არის ერთიანი. უკრაინამ წინააღმდეგობა გაუწია რუსეთს ევროპის მოქალაქეების გამოც, რომლებმაც გაუხსნეს უკრაინელებს საკუთარი გული და სახლები. თქვენ გააძლიერეთ უკრაინის წინააღმდეგობა და შეუქმენით იმედი.
ახლა უკრაინას ბრძოლის ახალი მძიმე ზამთარი უახლოვდება. ჩვენ მოვალეობაა მკაფიო ვიყოთ იმის შესახებ, თუ რას მივაღწიეთ აქამდე და რა გველის წინ. როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ბევრს ეშინოდა, რომ კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა. ასე არ მოხდა. სამაგიეროდ, უკრაინამ რუსეთი გააძევა იმ ტერიტორიების ნახევრიდან, რომელიც მან დაიპყრო. ზღვაზე უკრაინამ შეძლო უკან დაეხია რუსეთის ფლოტს და ხელახლა გახსნა საზღვაო დერეფანი მსოფლიოში მარცვლეულის მისაწოდებლად. ჰაერში უკრაინა წარმოუდგენლად ეფექტური გახდა რუსული რაკეტების და უპილოტო თვითმფრინავების ჩამოგდებაში. ხმელეთზე კი უკრაინა დიდ ზარალს აყენებს რუსეთს. ყოველ კვირას ათიათასობით ახალგაზრდა რუსი ჯარისკაცი იღუპება ან იჭრება. ბრძოლის ველიდან უფრო შორს, ფინეთი ნატოს წევრი გახდა. შვედეთი მალე იქნება ნატოს წევრი. უკრაინა ევროკავშირის წევრობის გზაზეა. პუტინს არა მხოლოდ აკლია თავისი სტრატეგიული მიზნები, ის ასევე დრამატულ ხარჯებს უქმნის საკუთარ ქვეყანას, მაგრამ პუტინის მარცხი ავტომატურად არ ითარგმნება უკრაინის გამარჯვებაში. რადგან ომი გრძელდება, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რას ნიშნავს უკრაინის მხარდაჭერა „იმდენ ხანს, რამდენიც სჭირდება“. უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ დამპყრობლის წინააღმდეგ, არამედ ევროპისთვის. ჩვენს ოჯახთან შეერთება უკრაინის საბოლოო გამარჯვება იქნება. და ამისთვის ჩვენ გვაქვს გადამწყვეტი როლი“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.