ახალი გადაწყვეტილება, რომელიც თბილისში 22 მაისიდან ამოქმედდება

კახა კალაძე

22 მაისიდან მოქალაქეებს ტაქსით მგზავრობისას გადაადგილების საფასურის გადახდა QR კოდის დასკანერებით შეეძლებათ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქის მერიის მიერ წარმოდგენილი გადახდის ალტერნატიული საშუალებით სარგებლობა ლიცენზიის მქონე ყველა ტაქსის მძღოლს შეუძლია.

მისივე თქმით, QR კოდი შესაძლებელია მიებას ნებისმიერი ტიპის ანგარიშის ნომერს. კალაძის ინფორმაციით, QR კოდი შეიძლება განთავსდეს სავარძლის უკანა მხარეს.

„როგორც იცით, ტაქსით მგზავრობისას შესაძლებელია მხოლოდ ნაღდი ფულით გადახდა, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინონ საბანკო ტერმინალები. შესაძლოა, რომ მგზავრს ნაღდი ფული არ ჰქონდეს და ვერ გადაიხადოს.

ასევე, შესაძლოა ტურისტს არ ჰქონდეს ლარი და ვერ გადაიხადოს. ჩვენ კომპანია „ბი ქეი ენ 301 ჯორჯიამ“ შემოგვთავაზა ძალიან საინტერესო წინადადება. ვფიქრობ, ეს გადახდების მიღების ინოვაციური და სწრაფი მეთოდია. მათ შეიმუშავეს QR კოდები, რომელიც წარმოდგენილი იქნება. აღნიშნული QR კოდი შესაძლებელია მიებას ნებისმიერი ტიპის ანგარიშის ნომერს. ტაქსის მძღოლს შესაძლებლობა აქვს მიიღოს აღნიშნული QR კოდი. ეს შეუძლია მიაბას ნებისმიერი პირის ანგარიშის ნომერს, შეზღუდული არ არის. ტელეფონის ვიდეოკამერით QR კოდს დააფიქსირებ, მიუთითებ გადასახდელ თანხას და მაშინვე აესახება ტაქსის მძღოლს. ტელეფონის ნომერზე მიუვა ინფორმაცია, რომ თანხა დაირიცხა, რაც მგზავრმა გადაადგილებისთვის უნდა გადაიხადოს. ეს QR კოდი შეიძლება განთავსდეს სავარძლის უკანა მხარეს, რათა მოსახერხებელი იყოს. ეს ნებაყოფლობითი იქნება. ვფიქრობ, ბევრი დაინტერესდება QR კოდებით. 22 მაისიდან ლიცენზიის მქონე ყველა ტაქსის მძღოლს შეუძლია აღნიშნული პროგრამით სარგებლობა.

მობრძანდნენ სერვის ცენტრებში და ჩვენი თანამშრომლები მიაწვდიან ინფორმაციას. იქვე მათი თანხმობის შემთხვევაში ამოუბეჭდავენ საკუთარ QR კოდებს, რომელიც შეუძლიათ ავტომობილში განათავსონ“, - აღნიშნა კალაძემ.