1761855398
გოგა გახოკიძე: „თურქეთს კვარას ნახევარი დონის ფეხბურთელიც არავინ ჰყავს“
ოქტომბერი ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის იოლად გადასატანი თვე ნამდვილად არ იყო - ამის მიზეზი მარტივია, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელიც უკვე ლამის წელიწადნახევარია ქომაგებს მაღალი დონისა და თავდადებული თამაშით ანებივრებდა, ჯერ ესპანელებთან (0:2), ხოლო შემდეგ თურქებთან (1:4) უშანსოდ წააგო და 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა.
რით იყო განპირობებული „ჯვაროსნების“ ასეთი სუსტი ასპარეზობა და უნდა დატოვოს თუ არა ნაკრების ფრანგმა დამრიგებელმა, ვილი სანიოლმა თანამდებობა, ამასთან დაკავშირებით Crystalsport-ის მიერ დასმულ შეკითხვებს ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გოგა გახოკიძემ ასეთი პასუხები გასცა:
„ოქტომბრის თამაშებში ძველებური მონდომება და შემართება აღარ იგრძნობოდა, რასაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისგან ბოლო პერიოდში მივეჩვიეთ და გამუდმებით ველოდებით. თანაც, სრული საბრძოლო შემადგენლობითაც ვიყავით, მაგრამ საბრძოლო სულისკვეთება არ ჩანდა. იმედია ამ ყველაფრის სათანადოდ გაანალიზება და შემდგომ გამოსწორება მოხდება...“












