თუ ადამიანს ბუსტერ დოზა აქვს გაკეთებული, იგი უფრო მეტად არის დაცული ომიკრონის შტამის მიმართ - ჯანდაცვის ექსპერტი

კოვიდი

"თუ ადამიანს აქვს ბუსტერ დოზა გაკეთებული, იგი უფრო მეტად არის დაცული ომიკრონის შტამის მიმართ“,- ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორმა, ოთარ ჩოკოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბუსტერ დოზით აცრა პანდემიის გავრცელებას შეუშლის ხელს.

„ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, როგორ შევაჩეროთ პანდემია და როგორ შევაჩეროთ კოვიდის ახალი შტამის ასეთი ფართო გავრცელება, არის ის, რომ გამოვიყენოთ ბუსტერ დოზებით რევაქცინაცია და დავიცვათ თავი," - განაცხადა ოთარ ჩოკოშვილმა.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე ვარაუდობს, რომ ქვეყანაში ომიკრონით დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე ეს ლაბორატორიულადაა გამოვლენილი.

"ის, რომ ქვეყანაში 600 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, არ ნიშნავს რომ მხოლოდ ეს რაოდენობაა ამ ვარიანტით ინფიცირებული პაციენტების. საქართველოში 2 იანვარს იყო 1660 შემთხვევა და გუშინდელი, სამი დღის საშუალო მაჩვენებელი უკვე 3700-ია. ანუ, 4 დღეში პრაქტიკულად გაორმაგდა შემთხვევების რაოდენობა,“ - ამბობს ივანე ჩხაიძე.