საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა

ბორჯომი

საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია  დასრულდა. პროექტის მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკის მიერ 11 მლნ. ლარის მოცულობის ინვესტიცია გაიცა.

ბორჯომის ცენტრში განთავსებული სასტუმრო-სანატორიუმი სხვადასხვა კატეგორიის 164 ნომერს აერთიანებს და დამსვენებლებს სხვადასხვა სამედიცინო თუ სარელაქსაციო მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის: ორგანიზმის სრული დიაგნოსტიკა და პროფესიონალი სამედიცინო გუნდის კონსულტაციები, ლაბორატორიული კვლევა, სპა პროცედურები, ფიტნესი და სხვ.

სასტუმრო-სანატორიუმის ყოველდღიურ საქმიანობაში 196 ადამიანია ჩართული.

„ბორჯომი პალასის“ ისტორია 1876 წელს იწყება. ობიექტი რეგიონში პირველ სანატორიუმს წარმოადგენდა, სადაც დამსვენებლებს ბალნეოლოგიური და სპა სერვისებით შეეძლოთ სარგებლობა. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობით წარმატებით შევძელით სასტუმრო-სანატორიუმის სრული რეკონსტრუქცია, ახალი სივრცეებისა და სერვისების დამატება. თანამედროვე აღჭურვილობის და პროფესიონალი სამედიცინო გუნდის ერთობლიობა, შესაძლებელს ხდის დამსვენებლებმა სრულყოფილი რეაბილიტაციისა და მკურნალობის კურსი ჩაიტარონ“, - განაცხდა კომპანიის დირექტორმა, ნუგზარ აღლემაშვილმა.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით მსგავსი ისტორიული მნიშვნელობის დაწესებულების რეაბილიტაცია განხორციელდა. დღეს „ბორჯომი-პალასი“ განახლებული ინფრასტრუქტურითა და სერვისებით აგრძელებს მრავალწლიან ტრადიციას და საქმიანობას. ეს კი მეტ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, დაისვენოს ისტორიულ სასტუმრო-სანატორიუმში და ისარგებლოს „ბორჯომი პალასის“ სამედიცინო თუ სარელაქსაციო სერვისებით. ჩვენთვის დიდი პატივია, ხელი შევუწყოთ ქვეყნისათვის მსგავსი მნიშვნელობის პროექტს. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ საინტერესო პროექტების მხარდაჭერას და ბიზნესის გაძლიერებას“, - აცხადებს საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი წეროძე.