დეკემბერთან შედარებით, იანვარში საქართველოში მშენებლობა გაიაფდა - საქსტატი

მშენებლობა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 3.2 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ინდექსი გაიზარდა 5.9 პროცენტით.

რაც შეეხება ცალკეულ კომპონენტებს, საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 2.2 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 9.3 პროცენტით გაიზარდა;

არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, შემცირდა 9.3 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 2.0 პროცენტით; სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი, წინა თვესთან შედარებით შემცირდა 2.2 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 5.4 პროცენტით.

საქსტატის ცნობით, 2025 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსის 3.2 პროცენტით შემცირება ძირითადად განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 21.3-პროცენტიანი კლებით, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში -4.19 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

„წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.9 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 22.2-პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.6-პროცენტიანი გაძვირებით, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში 3.47 და 2.28 პროცენტული პუნქტი შეიტანა. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 18.8 პროცენტით“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.