1785672060
„ფრთხილად იყავით ბასრ საგნებთან, მჭრელ ინსტრუმენტებთან“- აგვისტოს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები რამაზ გიგაურისგან
ასტროლოგი რამაზ გიგაური აგვისტოს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენების შესახებ წერს.
„დაბნელებების დერეფანი და სირიუსის ენერგია
ამ თვეში, 12-დან 29 აგვისტოს ჩათვლით, დაბნელებების დერეფანი გველოდება. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი დროა, როდესაც ბევრი საკითხი როგორც სოციალურ, პოლიტიკურ თუ პირად დონეზე გადაწყდება. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღების დრო.
მზის დაბნელება (12 აგვისტო): ცეცხლოვან ლომის ნიშანში მოხდება, რაც მთლიანად თვეს ცეცხლოვან ხასიათს შესძენს.
მთვარის დაბნელება (28 აგვისტო): ეს მიწა/წყლის სტიქიების ღერძზე მოხდება, ამიტომ ის სრულიად განსხვავებული ხასიათის იქნება.
ამავე თვეში გვაქვს ე. წ. „ლომის კარიბჭე“, როდესაც ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი - სირიუსი, თითქმის მზესთან ერთად ამოდის (ხდება ე. წ. ჰელიაკური ამოსვლა). სირიუსი ჩვენს ცაზე ყველაზე ძლიერი ვარსკვლავია, რადგან ის ყველაზე დიდია და მასთან უამრავი ეზოთერული ინფორმაციაა დაკავშირებული. ანტიკურ სამყაროში მას ძაღლის ვარსკვლავს უწოდებდნენ (სირიუსი დიდი ძაღლის თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა და მთავარი ვარსკვლავია). თბილისში და საქართველოს უმეტეს ნაწილში სირიუსი დიდი ალბათობით 11-13 აგვისტოს შუალედში გამოჩნდება მზის ამოსვლამდე 45-50 წუთით ადრე, სამხრეთ-აღმოსავლეთის ჰორიზონტზე.
პლანეტების ტრანზიტები და ვენერას ასპექტები
პლანეტების ნიშნებში გადასვლას რაც შეეხება, აგვისტოში ორი ასეთი ცვლილება გვაქვს:
ვენერა სასწორის ნიშანში იმოძრავებს 7 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით. ამ დროს ის თავისი ნიშანშია და თავის ასტროლოგიურ ღირსებებს ჰარმონიულად ავლენს.
მარსი კირჩხიბის ნიშანში იმოძრავებს 11 აგვისტოდან 27 სექტემბრის ჩათვლით. მარსისთვის ეს სუსტი ნიშანია („დაცემა“), თუმცა მისი ასპექტებიდან გამომდინარე, ის მეტ-ნაკლებად მაინც ძლიერად გამოვლინდება.
ვენერას გავლენა (21 აგვისტომდე):
10-12 აგვისტო (დაბნელებამდე): ვენერა ურანთან, ნეპტუნთან და პლუტონთან შექმნის ასპექტებს. აქედან გამომდინარე ეს იქნება სილამაზის, სიყვარულისა და დიპლომატიის გამოვლენის დრო.
თუმცა ყურადღებას ითხოვს ფინანსური ფონი: ვენერასა და ნეპტუნს შორის არსებული დაძაბული ასპექტის (ოპოზიციის) გამო, ეს პერიოდი ფინანსურ ბაზრებზე არასტაბილურობას მოიტანს. ფინანსურ ნიადაგზე შესაძლებელია ილუზიები, მოტყუება და ე. წ. „ფინანსური ბუშტების“ წარმოქმნა. იმავდროულად, პირად ცხოვრებაში ეს ძლიერი დიდი გრძნობების გამოვლენის დროც იქნება.
16-17 აგვისტო: ვენერა იუპიტერთან კარგ ასპექტს შექმნის, რაც ხელსაყრელია ხელშეკრულებების გაფორმებისთვის და ფინანსური ოპერაციებისთვის.
გაფრთხილება! ამავე დღეებში (16-17 აგვისტოს) მარსი ნეპტუნთან დაძაბულ ასპექტს ქმნის, რაც ტყუილსა და შეცდომებს უკავშირდება. ამიტომ ფრთხილად იყავით პრაქტიკულ საქმეებში, ბასრ საგნებთან, მჭრელ ინსტრუმენტებთან, ტრანსპორტის მართვასთან, წყალთან, ქიმიურ ნივთიერებებთან და მედიკამენტებთან.
20-21 აგვისტო: ვენერა დაუპირისპირდება სატურნს. ეს საკმაოდ რთული და შემზღუდავი ასპექტია. ახალი, გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას არის გამართლებული. ამ დღეებში დადებული ნებისმიერი შეთანხმება ხისტ პირობებს, მძიმე ვალდებულებებსა და იძულებით კომპრომისებს უკავშირდება, რამაც საბოლოო ჯამში, შესაძლოა, იმედგაცრუება მოიტანოს.
12 აგვისტოს მზის დაბნელება და მერკურის ასპექტები
12 აგვისტოს მზის დაბნელებისას ცაზე ჩამოყალიბდება ე.წ. „გახსნილი კონვერტის“ კონფიგურაცია, რომელშიც უმთავრესი პლანეტა ურანი იქნება.
ეს მიუთითებს ცვლილებებზე, სიახლეებზე, მოულოდნელ რეფორმებსა და ახალი ტექნოლოგიების (განსაკუთრებით საინფორმაციო და საავიაციო) განვითარებაზე.
ლომში დაბნელება უკავშირდება ლიდერების ცხოვრებაში არსებულ ფატალურ მოვლენებსა და ძალიან ცხელ ამინდს (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით).
ამავე დროს გვაქვს ტაუ-კვადრატი კირჩხიბში მყოფი მარსის მონაწილეობით (კარდინალური ნიშნის ნულოვან გრადუსზე). აქ ჩართულები არიან ვენერა და ნეპტუნიც. მარსის მსგავსი გამოვლენა მიუთითებს აგრესიის მაღალ ფონზე. ამ დროს მოსალოდნელია არაადეკვატური და კონფლიქტური სიტუაციების შექმნა.
მერკურის გავლენა
აგვისტო ნაყოფიერი დროა ინტელექტუალური საქმიანობისთვის, სწავლისთვის და ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემისთვის.
10-11 აგვისტო: მერკურისა და პლუტონის ოპოზიცია სიღრმისეული ანალიზის დროა, თუმცა უმჯობესია თავი აარიდოთ ადამიანებთან დაპირისპირებას და დიპლომატიურობა გამოიჩინოთ.
11 აგვისტო: მერკური კარგ ასპექტს ქმნის ნეპტუნთან, რაც წარმოსახვასა და ინტუიციას აძლიერებს.
14-15 აგვისტო: მერკური უერთდება იუპიტერს, რაც საუკეთესო დროა ამბიციური განცხადებებისა და სარეკლამო აქციებისთვის.
16-17 აგვისტო: მერკურისა და სატურნის ჰარმონიული ასპექტი შესანიშნავია საბუთების მოწესრიგებისთვის, იურიდიული საკითხების მოგვარებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ოფიციალურად გაფორმებისთვის.
მესამე დეკადა: მთვარის დაბნელება და მარსი-სატურნის კვადრატურა
23 აგვისტოდან მზე ქალწულის ნიშანში გადადის. მეტეოროლოგიური თუ პოლიტიკური ტემპერატურა შედარებით დაიკლებს - პროცესები მკაფიოობისკენ და სიცხადისკენ წავა. ბევრი რამ გაირკვევა და ახლიდან განისაზღვრება, თუმცა კონფლიქტებმა მომავალი მთვარის დაბნელების ფონზე შესაძლოა მოიმატოს .
მთვარის დაბნელება
საერთოდ, სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება ყოველთვის ემოციურ კულმინაციას, წარსულის დასრულებას და ფარული თემების სინათლეზე გამოტანას უკავშირდება. კონკრეტულად 28 აგვისტოს მთვარის დაბნელება თევზების ნიშანში, ამ პროცესს განსაკუთრებულად ემოციურს ხდის. ეს დაუკავშირდება:
ილუზიების მსხვრევასა და ემოციური ქაოსს. მთვარე მერკურს უპირისპირდება. ლოგიკა (ქალწული) და ემოციები (თევზები) ერთმანეთთან ომში არიან. ამ დღეებში გადაწყვეტილებების მიღება ძალიან გაჭირდება.
მოულოდნელ ემოციური აფეთქებებს: მთვარისა და ურანის კვადრატი ნერვულ სისტემას საგრძნობლად ძაბავს. მოსალოდნელია უეცარი ცვლილებები, შინაგანი ამბოხი და ძველი კავშირებისგან სპონტანური გათავისუფლება.
გაძლიერებულ ინტუიციას: მიუხედავად დაძაბულობისა, კირჩხიბში მყოფ მარსთან მთვარის ჰარმონიული ასპექტი უდიდეს მხარდაჭერას გვაძლევს. ეს ნიშნავს, რომ სწორედ ინტუიციაზე დაყრდნობით შევძლებთ გადამწყვეტი და თამამი ნაბიჯების გადადგმას.
საბოლოო ჯამში, ეს დაბნელება მძლავრ ემოციურ გათავისუფლებას და გაწმენდას მოიტანს. წარსულის ტვირთი, დაგროვილი წყენები და ქვეცნობიერი შიშები ზედაპირზე ამოვა, რათა ადამიანები მათგან სამუდამოდ გათავისუფლდნენ.
29-31 აგვისტოს მარსი ქმნის კვადრატურას სატურნთან:
ეს არის კონფლიქტის, მოძრაობის შეფერხების, დესტრუქციული ტენდენციებისა და არასასურველი შემთხვევების ასპექტი.
ამ დღეებში არ დაგეგმოთ ქირურგიული ოპერაციები, თუ ეს იძულებითი და გადაუდებელი არ არის.
სამაგიეროდ, ეს იდეალური დროა რაღაცის დასანგრევად (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით). ძველის მოცილებისთვის, ასევე შემზღუდავი ურთიერთობებისგან თუ გარემოებებისგან გათავისუფლებისთვის.“,- წერს რამაზ გიგაური.












