დავით ადამია: საქართველოს თავისი გზა სჭირდება

16:51 07-17-2019
747

გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის დირექტორთა საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს აფასებს:

- ქართულ მედიაში გავრცელდა თქვენი სტატია, სადაც რუსთავი2-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას სკანდალურ ეთერს გამოეხმაურეთ. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ეთერი რუსეთში მცხოვრები ქართველებისთვის და რამდენად იზიარებენ ისინი თქვენს მოსაზრებას?

- რუსთავი2-ის წამყვანის მონაწილეობით მომხდარი სკანდალი აშკარად მიანიშნებს საქართველოში ამჟამად არსებულ პრობლემებზე. მოხარული ვარ, რომ საზოგადოებამ ამ სუბიექტის ქმედება დაუყოვნებლივ და არაორაზროვნად შეაფასა. ჩვენი პატივისა და ღირსების შემლახავია ის, რაც იკადრა გიორგი გაბუნიამ, რომელიც თავის თავს ჟურნალისტსა და ქართველს უწოდებს. სად არის მორალური ზღვარი, რომელსაც საქართველოში ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა არ უნდა გადააბიჯოს? თუ პიარისთვის ყველაფერი დასაშვებია და ხალხის ინტერესებს დღეს მნიშვნელობა არ აქვს? შეხედეთ ამ სუბიექტს. ხედავთ მასში რამე ქართულს? ქართულად ნამდვილად საუბრობს, მაგრამ სხვა არაფერი. მას ალბათ დაავიწყდა, რა არის ჟურნალისტიკა და არ იცის, რა არის საქართველო, ვინ არის ქართველი. ამიტომ თავს უფლებას მივცემ ჩვენი გმირული ისტორია გავიხსენო.

ქართველი ნიშნავს სიმამაცეს, ტრადიციას, პატივისცემას, სიტყვას და რწმენას. ეს არის თამარ მეფე, პეტრე ბაგრატიონი და ილია ჭაჭავაძე. წარმოგიდგენიათ, რომელიმე მათგანს ეს სიბინძურე წამოსცდენოდა? მე ვერ წარმომიდგენია.

განა ასე იქცეოდნენ საქართველოს ნამდვილი შვილები? გაიხსენეთ ცოტნე დადიანისა და შალვა ახალციხელის საგმირო საქმეები. აი, ვიზე უნდა ვისაუბროთ და მაგალითებად მოვიყვანოთ. ისინი საქართველოსათვის საკუთარ თავსა და ახლობლებს სწირავდნენ.

ცხადია, მომხდარი ამ ფსევდოჟურნალისტის ჩანაფიქრი არაა. მას ეს უკარნახეს. ეს კავკასიაში მდგომარეობის გამწვავებისა და დესტაბილიზაციისაკენ მიმართული კამპანიის ნაწილია. 

- გიორგი გაბუნიას ქართულად მოლაპარაკე უწოდეთ. თვითონ თვითონ ვინ ბრძანდებით? თქვენს შესახებ რას გვეტყვით? რატომ თვლით რომ იმ ათასობით ქართველის აზრს აჟღერებთ, ვინც დღეს რუსეთში ცხოვრობს?

- მე ერთ-ერთი ვარ იმ 350 ათასი ადამიანიდან, ვინც სახლ-კარი დაკარგა და იძულებული გახდა მშობლიური მიწა დაეტოვებინა. ეს ომი 9 წლის ბავშვის თვალით მაქვს ნანახი. იმ დროს ამ ხნის ვიყავი. მშობლებმა საზაფხულოდ ბაბუასთან, განთიადში წამიყვანეს. 11 აგვისტოს ჩემთვის დაბადების დღის მოსალოცად ჩამოვიდნენ, 12-ში კი ისევ სოხუმში დაბრუნდნენ. 14 აგვისტოს ომი დაიწყო. ასე გაყო ჩვენი ოჯახი ფრონტის ხაზმა, რომელმაც აფხაზეთიც ორ ნაწილად გაყო. ამ ომის დროს ჩვენი სახლის კედლებთან აფხაზური არმია გამოჩნდა. ბებიაჩემმა შემთხვევით მოკრა ყური, თუ როგორ საუბრობდნენ ჯარისკაცები ახალგაზრდა ქართველზე, რომელიც წინა დღით გაექცათ. ჯარისკაცები ბრაზობდნენ, რომ ის ტყვედ ვერ აიყვანეს. მათი საუბრიდან ბებია მიხვდა, რომ გაქცეული ახალაგაზრდა ღამით სანადიროდ წასული ბიძაჩემი (დედის უმცროსი ძმა) იყო. დაბრუნებულმა მშობლიურ სახლთან აფხაზური არმიის საგუშაგო დაინახა და მიხვდა, რომ ომი დაიწყო. დანებება მოსთხოვეს, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს. ტყვედ აყვანა ვერ შეძლეს. ისიც მართალია, რომ ეს ამბავი მხოლოდ მეორე დღეს გავიგეთ. ორიოდე დღის შემდეგ ლესელიძის პლაჟზე შავნაბადას დესანტის გადმოსხმის დროს სასტიკი ბრძოლა გაიმართა. ჩვენთვის, ბავშვებისთვის, ეს წარმოუდგენელი თავგადასავალი იყო. მახსოვს, რა გამბედაობა უნდა მოგეკრიბა, რომ ერთ რომელიმე მეომართან მისულიყავი და ტყვია გამოგერთმია. ჰაერში ომის სუნი იდგა, თუმცა მშვიდობიანი დღეების შეგრძნება დაგვიბრუნდა. იმის გამო, რომ სოხუმში მშობლებთან ვერ დამაბრუნეს, ხეივნის საშუალო სკოლაში შემიყვანეს. სწავლა დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთხელ საღამოს გაგრის მხრიდან არტილერიის ხმა გავიგეთ. იმ ღამეს დასაძინებლად იატაკზე დამაწვინეს, დილით კი შევიტყვეთ, რომ გაგრა დაეცა.

ბაბუამ გადაწყვიტა, სოჭში გადავეყვანე. არასოდეს დამავიწყდება, როგორ ვალაგებდი ჩანთაში ჩემს სათამაშოებს. ამ დროს ბებია მოვიდა და ჩანთიდან ჩემი საყვარელი სამი რკინის ტანკი ამოიღო. ახლა უკვე მესმის, რომ ჩანთა სულ ორი იყო, რადგან ეგონათ, რომ სულ რაღაც ორი დღით მივყავდით. ბიძამ (დედის უფროსმა ძმამ) ჩვენ და ჩვენი მეზობლები (მამა-შვილი) წაგვიყვანა. გზა მძიმე იყო, მხოლოდ ერთი მიმართულებით, დაცემული გაგრიდან მომავალი ხალხით სავსე. ორი დღის შემდეგ ბიძამ ბებია ჩამოიყვანა. აფხაზური არმიის იმ ჯარისკაცების ცხვირწინ გამოატარა, ვისაც განთიადი უკვე დაეკავებინათ. იმავე დღეს გავიგეთ, რომ ჩვენი სახლი საერთაშორისო ტერორისტ შამილ ბასაევის მებრძოლებს დაეწვათ. ახალი ცხოვრების დასაწყისში ორი ჩანთით დავრჩით. მათგან ერთ-ერთში ჩემი სათამაშოები ეწყო... გადაწყდა, რომ ბაბუასთან ერთად მოსკოვში ნათესავებთან უნდა გავეგზავნეთ. ბილეთები არ იშოვებოდა და მატარებელში ერთ თაროზე გვეძინა. ახლა უკვე მესმის, რომ მეძინა მხოლოდ მე, ბაბუა კი ცდილობდა, არ გავეღვიძებინე. ასე მოვხვდი 9 წლის ბიჭი მოსკოვში, 1992 წლის ოქტომბერში. დედა მოგვიანებით ჩამოვიდა, მამა კი - ნახევარი წლის შემდეგ. ჩემზე საუბარი საკმარისია, თორემ გრძელი ამბავი გამოგვივა. უმჯობესია, თქვენს შეკითხვებზე გადავიდეთ.

- თქვენ ასევე განაცხადეთ, რომ 20 ივნისის მოვლენები რევანშისტული გადატრიალების მცდელობა იყო... რატომ ფიქრობთ ასე? 

- 20 ივნისის არეულობა უნდა განვიხილოთ, როგორც გარკვეული პოლიტიკური ძალის რევანშის ცინიკური და სისხლიანი მცდელობა. ეს ძალა ძალაუფლების წყურვილით ისეა შეპყრობილი, რომ მზად არის ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისა და ომის მორევში ჩაითრიოს. ამ ძალას ქართულმა საზოგადოებამ 2012 წლის არჩევნებში არაორაზროვნად და მტკიცედ უთხრა უარი. გარკვეულ ძალებს ხელს არ აძლევთ ახლანდელი მთავრობა, რომელიც რთულად უმკლავდება წინა რეჟიმის დანატოვარ მემკვიდრეობას. შედეგად პარლამენტის შენობის ძალის გამოყენებით აღების მცდელობა ვნახეთ.

პოლიცია იძულებული გახდა ქვეყნის კონსტიტუციური წყობის დასაცავად კანონიერი საშუალებები გამოეყენებინა. რომელ ქვეყანაში მოიქცეოდნენ სხვანაირად ოფიცრები, რომლებსაც ფიცი აქვთ დადებული, რომ სახელმწიფოს დაიცავენ? თუ 20 ივნისს ერთი რომელიმე ძალის წარმომადგენლები ეცდებიან  ძალით შევარდნას, 21-ში ამას სხვებიც მოინდომებენ. მაშინ რა საჭიროა კანონი? იქნებ ეს დემოკრატიაა? არა, ეს ანარქიაა, გზა, რომელსაც არსად მივყავართ.

ამის შემდეგ ვნახეთ მასების ცნობიერებით მანიპულირების მცდელობა. ვნახეთ, როგორ ცდილობდა უმცირესობა ანტირუსული ისტერიის ტალღის აგორებას. რაც უფრო მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა ქვეყანაში, მით უფრო გაუადვილდებათ ამ ძალებს ხელისუფლებისკენ მიმავალი გზის მოსუფთავება. უპასუხისმგებლო და ავანტურისტული განცხადებები იმ ადამიანებისაგან გვესმის, ვისაც ბურთულიან კალამზე უფრო მძიმე საგანი არასოდეს აუწევია. ისინი ამბობენ, თუ რას უზამენ რუსეთში გასატან ქართულ ღვინოს. რა არის ეს, თუ არა ქართველი ერის არსში ჩაფურთხება. ჩვენ ხომ ყოველთვის ვამაყობდით იმით, რომ ჩვენთვის ღმერთისგან ბოძებული მიწა მეღვინეობის სამშობლოა. ამით ხომ ძლიერი სილა გააწნეს კახელ მეღვინეებს, რომელთა თაობები ვაზს მუხლჩაუხრელად უვლიან. ესენი უპასუხისმგებლო, მყვირალა ხალხია, ვინც სწორედ იმ პოლიციისაგან ითხოვს დაცვას, რომელსაც 20 ივნისის მიტინგის ხისტი დაშლისათვის აკრიტიკებს, როცა ხედავს, რომ ხალხი მათი პირიდან ამოსული სიტყვებისათვის პასუხის გაცემას ცდილობს. რა არის ეს, თუ არა ფარისევლობა და ფარსი?

საქართველო დღესაც მსოფლიოს ზესახელმწიფოების გეოპოლიტიკური ინტერესების გამორკვევის მოედანია. თურქეთი, რომელსაც ენა მტაცებელი ცხოველივით აქვს გადმოგდებული, აჭარის ჩაყლაპვას ცდილობს. მას საკუთარი ღირებულებების გასავრცელებელ პლაცდარმად ვჭირდებით. უკვე დღეს, ისლამი ათასობით ახალგაზრდას აქვს მიღებული. ირანი ეკონომიკურ ექსპანაიას ეწევა. მისი მოქალაქეები საქართველოში დიდძალ უძრავ ქონებას ყიდულობენ.

 

ევროპასა და ამერიკას ვჭირდებით, როგორც ფორპოსტი რუსეთის საზღვარზე. სწორედ ამიტომ გვესმის 1995 წლიდან მოყოლებული, საუბრები ნატო-ში შესვლაზე და საყოველთაო კეთილდღეობის დაპირებები, თუმცა ეს ყველაფერი ოდესღაც იქნება. ჯერჯერობით კი, უშურველად მხოლოდ ცხოვრების ევროპულ სტილთან გვაზიარებენ, რაც აღვირახსნილობას და ოჯახური ტრადიციების შებღალვას გულისხმობს. სად არის ევროპული ტექნოლოგიები, საწარმოები, კვალიფიციური სამუშაო ადგილები? არ არის და არც იქნება. რამდენი სკოლა ან საავადმყოფო ააშენეს ამერიკელებმა და ევროპელებმა? ევროპული სტილის დემოკრატია? არა მგონია, ეს გვჭირდებოდეს. პირადად ჩემთვის დემოკრატია ისაა, რაც საშუალებას მაძლევს ისე ვიცხოვრო, როგორც მინდა, შევინარჩუნო ტრადიციები, ჩვენი რწმენა, კულტურა და სიამაყე. მათთვის კი დემოკრატია ყველა სახის განაწყენებული უმცირესობების დაცვაა.

- თქვენი აზრით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გამწვავების ახალი რაუნდი რას გამოიწვევს?

- ეს არაფრის მომტანია და ობიექტური ახსნაც აქვს. ქართველები მეგობრული, სტუმართმოყვარე და გულუხვი ხალხია. ქართველები და რუსები ყოველთვის მზად არიან მეგობრობისათვის. ქართული და რუსული კულტურა იმდენად მჭიდროდაა გადაჯაჭვული, რომ ეს ხალხის ცნობიერებაში ათწლეულები იქნება შენახული. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენმა საზოგადოებამ და ხალხმა ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა, განვითარების რომელი გზა აირჩიოს. სწორედ ეს იწვევს გამუდმებულ პოლიტიკურ ციებ-ცხელებას. ამიტომ ხდება, რომ სახელმწიფო ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადადის. სიღარიბე და უმუშევრობაც ამის ბრალია. ყველაფერი ეს საგარეო ფაქტორებს აყოლილი ხელისუფლების გაურკვეველი პოლიტიკის შედეგია. ისინი გრძნობენ, რომ ხელისუფლებაში დროებით არიან და ცდილობენ ის გააკეთონ, რასაც მათგან სხვადასხვა გარე ძალა ითხოვს. ამას სწრაფად, მე ვიტყოდი, ნაჩქარევად აკეთებენ, რაც მოუხეშავად გამოსდით, ქვეყანას კი ეს დანაკარგებად უჯდება. ქვეყანას გააზრებული, 10-15 წელიწადზე გათვლილი სტაბილური საგარეო და საშინაო პოლიტიკა სჭირდება. ამისთვის კი ქვეყნის ყველა მოქალაქის მიერ მოწონებული საკუთარი გზა და კურსია აუცლებელი.

დღეს საქართველოს სჭირდება მშვიდობა, კეთილდღეობა, ძლიერი ეკონომიკა და ჭეშმარიტი დემოკრატია, ოღონდ დემოკრატია ამ სიტყვის ჩვენეული გაგებით, როგორც ბრძოლა საკუთარი თავისუფლების, ტრადიციებისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უფლებისათვის. ხალხს სჭირდება სამუშაო ადგილები, ეკონომიკა. ხალხის კეთილდღეობის დონე უნდა გაიზარდოს, უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს ისევე, როგორც განათლება და ჯანდაცვა, ასევე თვითრეალიზაციის შესაძლებლობა. საქართველო ხურდა ფული არ არის! ჩვენს ხალხს ყურადღება უნდა მივაქციოთ, თვალებში ჩავხედოთ და გავარკვიოთ,  რა უნდა გავაკეთოთ მათთვის. ყველამ ჩვენს ბაბუებს და შვილებს ჩავხედოთ თვალებში და საკუთარ თავს ვკითხოთ: ვიქცევით თუ არა საქართველოსთვის სასიკეთოდ? საქართველოში უნდა გამოჩნდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც უპირველეს ყოვლისა, ეროვნული და ადამიანური კატეგორიებით იაზროვნებენ: რაც კარგია საქართველოს ხალხისთვის, ის კარგია საქართველოსთვის! პოლიტიკა  უნდა იყოს ერთი - ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე უნდა იდგეს. სხვა ყველაფერი ამაოებაა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს შეუძლია და უნდა უჩვენოს კიდეც ევროპას იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა გახდე კონკურენტუნარიანი და თან საკუთარი თვითმყოფადობა, ტრადიციები და რწმენა შეინარჩუნო.

- თქვენ რაზეც საუბრობთ, ეს მოსაზრებები ხშირად ისმის სხვადასვხა პოლიტიკოსების მხრდინაცა. რა არის ის, რასაც ხელისუფლება უნდა აკეთებდეს არსებული პრობლემების გადასაჭრეად?

- პროპაგანდით. ადამიანების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების გულისა და გონებისათვის ბრძოლა ახლა ინტერნეტსა და ტელევიზორებშია გაჩაღებული, იქ კი თვითქმის ყველგან პროპაგანდაა. საქართველოში ტელევიზორი რომ ჩავრთოთ, რას დავინახავთ? სად არის ქართული კულტურა? სად არის ჩვენი ფასეულობები? ცდილობენ, ისინი დაივიწყონ. ოჯახის, ფესვებისა და ტრადიციების გარეშე დარჩენილ გლობალისტურ საზოგადოებაში ისინი ხომ არავის სჭირდება. ამიტომ, ცხადია, პროპაგანდით უნდა დავიწყოთ, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, ცხოვრების ჯანსაღი წესის, ოჯახური ღირებულებების, ნებისმიერი ნაბიჯის საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროპაგანდით.

უნდა გვახსოვდეს, რა გვაერთიანებს ყველა ქართველს, მიუხედავად იმისა, თუ სად ვცხოვრობთ. ჩვენმა ერმა თავისი ღირსება, ენა, კულტურა და ჯვარი მრავალ საუკუნესა და ომს გამოატარა. წარსულის გარეშე მომავალი ვერ იარსებებს. ჩვენ გავძელით და გადავრჩით, შევინარჩუნეთ საკუთარი ცხოვრების წესი, ტრადიციები და რწმენა. ნებისმიერი მოვლენის შეფასებისას მთავარი საზომი ჩვენი პატრიოტიზმი და სიამაყეა. ყოველმა ჩვენგანმა გულწრფელად უნდა უპასუხოს შეკითხვას: მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი, თუ მე ვარ ქართველი, წინაპრების ტრადიციების მატარებელი?