ახალგაზრდა ფეხბურთელი საბედისწერო შემთხვევამ ლოგინად ჩააგდო - მას საზოგადოების დახმარება სჭირდება

22:34 07-10-2019
5591

აჩიკოს ერთ თვეში ნიშნობა უნდა ჰქონოდა. მისი ოჯახი ქორწილისთვის ემზადებოდა...  წინ ბევრი მიზანი და გეგმა იყო, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე სპორტულ კარიერაში. ის  წარმატებული ფეხბურთელი იყო. მერე ერთმა საბედისწერო დღემ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ქორწილი, გეგმები და მიზნები უბრალოდ ერთ ლამაზ მოგონებად დარჩა...  

2014 წლის 6 სექტემბერი, დაახლოებით საღამოს 20 საათი. აჩიკო მეგობრებთან ერთად აღმაშენებლის გამზირზე ავტომობილით მოძრაობს. ის მძღოლის უკანა სავარძელში ზის და საცოლეს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს წერს... მერე მძღოლი სიჩქარეს უმატებს და საჭეს ვეღარ იმორჩილებს. სარეკლამო ბანერთან შეჯახებამდე, წინ მსხდომები მანქანიდან ხტებიან. როცა აჩიკო საავარიო ვითარებას აცნობიერებს, უკანა სავარძლიდან მანქანის მართვას  ცდილობს, თუმცა უკვე გვიანია... საჭესა და ავტომობილის სახურავს შორის მოქცეული ახალგაზრდა, თავის მძიმე ტრავმას იღებს. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ უგონო მდგომარეობაში მყოფი აჩიკოს გადმოსაყვანად მაშველებს სპეციალური ტექნიკა მიჰყავთ.  

იმ დღის შემდეგ თავისი სამყარო აქვს, ჩუმი და მარტოსული. უკვე ხუთი წელია, აჩიკო გარესამყაროსთან ვეღარ კონტაქტობს. არ ესმის და ვეღარც საუბრობს. ახლა მხოლოდ ჭერზე  ერთ წერტილს უსწორებს თვალს და სადღაც უსასრულობაში იყურება. უკვე ხუთი წელია ასე გრძელდება...

თავის ქალაზე რამდენიმე ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა მისი მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. ტვინის უჯრედებმა კვდომა დაიწყო. კუნთებიც ატროფირდა...

width=600

„ყოველი დღის გათენებას შიშით ვხდები. მეშინია, ერთ დღესაც თვალს გავახელ და ჩემი შვილის სუნთქვას ვეღარ მოვისმენ...“ - ეს სასოწარკვეთილი, ცხოვრებისგან იმედგაცრუებული   დედის სიტყვებია. დედის, რომელსაც ახლა მხოლოდ სასწაულის იმედი აქვს, თორემ იცის, რომ ძველ აჩიკოს ვეღარასდროს ნახავს. ჯამილა სულეიმანოვს უკვე ხუთი წელია თვალზე ცრემლი არ შეშრობია. ოთხი შვილის დედას ახლა მხოლოდ სადარდებელი და საფიქრალი აჩიკო ჰყავს. 

„მენატრება ის აჩიკო, რომელიც ყოველი სახლიდან გასვლისას და შემოსვლისას მეხუტებოდა და მკოცნიდა... მისი ხმა მენატრება, დედის დაძახება... ხშირად ვფიქრობ, ნეტა შეიძლებოდეს საკუთარი სიცოცხლის დათმობის სანაცვლოდ მისი გამოჯანმრთელება და მეტი არაფერი მინდა. უსიტყვოდ ვიტყოდი უარს საკუთარ სიცოცხლეზე. თქვენ არ იცით როგორი ვაჟკაცი მყავდა, სიცოცხლით სავსე და სიცოცხლის მოყვარული... იმაზე მძიმე და დიდი უბედურება არ არსებობს, უყურებდე ყოველ დღე როგორ უარესდება შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა...  შეგუებული ვარ, მაგრამ ყოველი გათენების მეშინია, ჩუმად გავაპარებ ხოლმე თვალს, ისევ თუ სუნთქავს-მეთქი... როცა დამირეკეს აჩიკო ავტოკატასტროფაში მოყვა და საავადმყოფოში მობრძანდითო, აღარ მახსოვს როგორ მივედი ადგილამდე. როცა ჩემი შვილი დავინახე ვერ ვიცანი, ისეთი გასიებული ჰქონდა თავი... ტრეპანაცია რამდენჯერმე გაუკეთეს. ახლა თავში ძვლის ნაცვლად პლასტმასის ფირფიტები აქვს. სამი თვე რეანიმაციაში იწვა, მერე პალატაში გადაიყვანეს. საერთო ჯამში შვიდი თვე გავატარეთ კლინიკაში. მაშინ სახლის მშენებლობა დაწყებული გვქონდა. სარდაფის შემდეგ  პირველი სართული უნდა აგვეშენებინა როცა ეს უბედურება მოხდა... სახლში თუ კი რაიმე  ღირებული ნივთი გვქონდა ყველაფერი გავყიდეთ, მათ შორის სამშენებლო მასალებიც... ახლა სარდაფში ვცხოვრობთ...“

აჩიკო დედასთან, ორ მცირეწლოვან ძმასთან და მამინაცვალთან ერთად ახლა ნახევრად მიწაში არსებულ სარდაფში ცხოვრობს. მამა დიდი ხნის წინ გარდაეცვალა. მისი და თურქეთში მუშაობს და იქიდან ეხმარება ოჯახს. ჯამილას თითქმის ყველა ბანკიდან სესხი აქვს აღებული, ამას კერძო პროცენტიანი ვალიც ემატება. მამინაცვალმა სამსახური ორი წლის წინ დაკარგა. აჩიკოს 200-ლარიანი პენსიიდან მხოლოდ ათი ლარი რჩება, დანარჩენით წინასწარ გამოტანილი სესხი იფარება...

მას დამოუკიდებლად კვება არ შეუძლია, ზონდის დახმარებით აძლევენ ათქვეფილ საჭმელს. ყოველდღიურად რამდენიმე სახეობის მედიკამენტი სჭირდება. უკვე წლებია ეპილეფსია  განუვითარდა. ოჯახმა დახმარებისთვის თბილისის მერიასაც მიმართა და ჯანდაცვის სამინისტროსაც, თუმცა მედიკამენტებით სრული უზრუნველყოფა ვერ მოხდა. სოციალურ  დახმარებაზეც უარი უთხრეს. მასაჟებს საჭიროებს, თუმცა უსახსრობის გამო ვერც ეს გაუკეთდა. მრავალწლიანი წოლისგან ნაწოლებიც გაუჩნდა... უკვე დიდი ხანია, კეთილი ადამიანების დახმარების იმედად არის. ჯამილა ამბობს, რომ ვეღარავის აწუხებს, არადა და საჭირო მანიპულაციებს ვეღარ უკეთებს...

„მივმართავ ყველას, დამეხმარეთ, შვილის სიცოცხლის გახანგრძლივებაში. გვჭირდება მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები და მასაჟის კურსი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აჩიკოსთვის “, - ამბობს სასოწარკვეთილი დედა, რომელსაც მხოლოდ სასწაულის და საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი