ვინ გადაიღებს თეონა დოლენჯაშვილის „რეალური არსებების“ ეკრანიზაციას?

16:35 07-10-2019
714

ეროვნული კინოცენტრის მიერ სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019-2020  წლის  წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში ორი ტური ექვსმა პროექტმა გაირა, მათ შორის მოხვდა ვახტანგ ჯაჯანიძის ფილმი „რეალური არსებები“. ფილმი მწერლის, თეონა დოლენჯაშვილის მოთხრობის „რეალური არსებების“ ეკრანიზაცია იქნება. სცენარი რეჟისორმა შარშანაც გაიტანა კონკურსზე. თუმცა შარშან მხოლოდ პირველი ტური გაიარა. როგორც მწერალი ამბობს, საინტერესო სცენარი გამოვიდა, რომელზეც ვახოსთან ერთად ერთი წელი იმუშავა. 

ვახტანგ ჯაჯანიძეს ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი აქვს გადაღებული. დაფინანსებით მიღებულ 200 ათასზე კიდევ ამდენივე ესაჭიროვება, რომ რეჟისორმა პროექტი წარმოებაში ჩაუშვას. ჯაჯანიძეს ეროვნული კინოცენტრის იმედი აქვს, რომ თანხის ნაწილს დაუმატებს, რომ უცხოეთში კო-პროდიუსერებთან მოლაპარაკება აწარმოოს. კო-პროდუქციის გაკეთებას ბევრ ქვეყანასთან ფიქრობს, პრიორიტეტულ ქვეყანად კი პოლონეთს ასახელებს. 

„ჩვენი ოპერატორი ნახევრად პოლონელია, იქ საუკეთესო სკოლა აქვს დამთავრებული. ჩემი წინა ნამუშევრის პოსტპროდუქცია პოლონეთში შედგა. საერთო ჯამში არც ერთ ქვეყანასთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ“ – „პრაიმტაიმთან“ ამბობს ვახტან ჯაჯანიძე. 

რეჟისორმა არჩევანი თეონას „რეალურ არსებებზე“ გააკეთა, რადგანაც მიიჩნევს, რომ მასში ის მარადიული თემებია, რაც მას მუდმივად აინტერესებს.  

ვახტანგ ჯაჯანიძე: - ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის, ადამიანებს შორის მუდმივი გაუცხოება, ეგოიზმი, გულგრილობა - ეს არის სენსიტიური გადაკვეთის წერტილები, რომელიც მე მაქვს ოჯახთან, საზოგადოებასთან და სამყაროსთან. აი, ეს არის მიზეზი, რატომაც მომინდა დოლენჯაშვილის მოთხრობის ეკრანიზაცია. თეონა ძალიან თამამი, საინტერესო და გამორჩეული მწერალია, ჩემი აზრით. მას აქვს კარგი უნარი იგრძნოს ეპოქა, გახდეს მისი თანადროული. მისი პერსონაჟები სუნთქავდნენ და არსებობდნენ იმ დროით, ტენდენციებით და სულისკვეთებით, რომელიც კონკრეტულ დროსა და მომენტში დგება ამა თუ იმ ეპოქაში. მე „რეალურ არსებებში“ ჩემი დროის გამოწვევები დავინახე. 

სცენარზე წელიწადი იმუშავეს. როგორც ავტორები აღნიშნავენ, ეს იყო რთული, შრომატევადი და საინტერესო სამუშაო.

ვახტანგ ჯაჯანიძე: - მუშაობის პროცესი საკმაოდ რთული და საინტერესო იყო. ლიტერატურული ენა კინემატოგრაფიულისგან სრულიად განსხვავებულია. კინოენად ქცევა რთული სამუშაო პროცესია. მე ვეცადე ლიტერატურული თვალსაზრისით შემეხედა ნაწარმოებისთვის, თეონა კი პირიქით, ეცადა კინემატოგრაფიული თვალით შეეხედა და ვფიქრობ, ხანგრძლივი და ინტენსიური მუშაობის შემდეგ ეს წარმატებით მოვახერხეთ. 

თეონა დოლენჯაშვილი: - პერსონაჟები დავამუშავეთ. სცენები დაემატა, მოვლენები გაღრმავდა და სხვანაირად განვითარდა. კონფლიქტები დაემატა. კინოსთვის საჭირო დიალოგები დაემატა. 

- თეონა, ამ მოთხრობის მთავარი სათქმელი რა არის?

- აქ არის ორი ოჯახის ისტორია, რომლებიც ტბაზე მდებარე აგარაკზე ისვენებენ. ნაჩვენებია მათ შორის ურთიერთობები, სიყვარული, ღალატი, ადამიანური არჩევანი... მთავარი თემებია - როგორ იქცევა ადამიანი კრიტიკულ სიტუაციებში, ოჯახური თუ ადამიანური კავშირების წყვეტა, გაუგებრობები, სიყვარულის შეუძლებლობა, ცალკეა თაობებს შორის კონფლიქტი. ნაჩვენებია ოჯახი, როგორც ერთობა, თუმცა ამავდროულად ეს ერთობა არ არის ნამდვილი. უცხო თვალისთვის ყველაფერი რიგზეა, ამ დროს არის პრობლელები და ამას ერთმანეთს უმალავენ. სხვას თვალს ვუხვევთ და ამ დროს ჩვენ ვართ ცუდად. იმ ტკივილებზე, რაც სიღრმეებშია ხშირად არც კი საუბრობენ. ეს ყველას ჩვენი ცხოვრებაა. ამ ორი ოჯახის მაგალითზე ამ პრობლემების ღიად ჩვენება მინდოდა. ის, რაც დასავლურ კინოში ხშირად ღიად არის ნაჩვენები, ჩვენთან ნაკლებადაა ასახული კინოში. ვფიქრობ, საჭიროა მისი მუდმივი რევიზია, კრიზისის დანახვა და კინოში მისი წარმოჩინება. 

გადაღებას წელს ვერ შეუდგებიან, ბუნებრივია, რადგან თანხაა მოსაძიებელი. გადაღებისთვის გვიანი ზაფხული და ადრეული შემოდგომა სჭირდებათ. ამიტომ მოსამზადებელი პერიოდი 2020 წლის ადრეულ ზაფხულზე იქნება. 

„სანტერესო გუნდია. ლოკაციებიც ძალიან საინტერესოა - სამეგრელო, პალიასტომის ტბა გადასაღებად ათვისებული არ არის. ულამაზესი, მისტიკური ადგილებია. საქართველოს ასეთი, ნაკლებად ცნობილი ადგილების ნახვა ფილმით, საინტერესო და მნიშვნელოვანია. მოკლედ, დასაწყისისთვის რაც გვაქვს, ძალიან კარგია. ვნახოთ რა გამოვა...“ – „პრაიმტაიმთან“ აცხადებს თეონა. 

 

 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე