ზურაბ მელიქიშვილი - ეროვნული ბანკი ლართან დაკავშირებით სიმართლეს არ ამბობს

11:44 07-10-2019

„ნაციონალური მოძრაობა“ ეროვნულ ბანკს და ქვეყნის ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებს და იმ ფაქტორებზე საუბრობს, რომელიც ლარის კურსის ვარდნის გამომწვევი გახდა.

როგორც ზურაბ მელიქიშვილი ამბობს, ლარის გაუფასურების რეალური მიზეზი არა საპროტესტო აქციები ან რუსეთთან დაკავშირებული მოლოდინები, არამედ არაეფექტური საინვესტიციო პოლიტიკა და კორუფციაა.

„დღეს საუბრობენ, რომ ლარი ანტისაოკუპაციო აქციებმა ან პუტინის მუქარამ გააუფასურა. გაიხსენეთ, ომის და ემბარგოს პირობებში ჩვენ კურსი 1.65-ზე შევინარჩუნეთ. ეს იმიტომ, რომ ყველა საჭირო რეფორმას ვატარებდით და ინვესტორებს ყოველდღიურად ვუმტკიცებდით, რომ საქართველოში ფულის ჩადება მათთვის მომგებიანი იყო. ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ ინვესტიციების ცალსახად შემცირების დინამიკას. თუნდაც ანაკლიის პორტისთვის პრობლემის შექმნამ მნიშვნელოვნად იმოქმედა ლარზე, რადგან იქ 2 მილიარდი დოლარი უნდა ჩადებულიყო. პარალელურად კი ვხედავთ კორუფციას რაც საინვესტიციო გარემოს ყოველდღიურად კლავს“, - აცხადებს ზურაბ მელიქიშვილი.

ამასთან, როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი ამბობს, ეროვნული ბანკი ხალხს სიმართლეს არ ეუბნება, როდესაც კეთდება განცხადება, რომ რყევები მოკლევადიანია და მას პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებული მოლოდინები იწვევს.

 

ავტორი: ბექა პატურაშვილი