ფოთში, ანაკლიასა და განმუხურში დამსვენებლების უსაფრთხოებას 110-მდე მაშველი იცავს

12:44 06-13-2019
118

ფოთში, ზღვის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით სამაშველო სამსახურმა მუშაობა განაახლა. შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი შსს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის სამაშველო ბრიგადები სანაპირო ზოლზე პატრულირებას იწყებენ. ისინი დამსვენებელთა უსაფრთხოების მიზნით მალთაყვის, კუნძულის და ნაბადის სანაპირო ზოლს დილის 09:00 საათიდან 21:00 საათამდე გააკონტროლებენ.

30 მაშველს შორის ერთ-ერთი 23 წლის გოგონაა. ის 2017 წლის მსოფლიო რბენის გამარჯვებულია.

„ადრე, მოყვარულის სტატუსით, სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვიყავი ჩართული და მაქვს ბევრი ჯილდო მიღებული -ტრიატლონში, მარათონში, სპრინტში, ბიატლში. პირველი გამარჯვება მოვიპოვე მსოფლიო რბენაში და სპორტის ამ სახეობაში ვარ პირველი ქართველი ქალი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. სამაშველო სამსახურში მუშაობის სურვილი გამიჩნდა, რადგან მაქვს შესაბამისი ფიზიკური მონაცემები და ცურვაც ძალიან მიყვარს“- განაცხადა მაშველმა ნინო მიქაძემ. ფოთში, საზღვაო-სამაშველო სამსახური სექტემბრამდე იფუნქციონირებს.

სამეგრელოში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე დამსვენებლების უსაფრთხოებას ამ ეტაპზე 110-მდე მაშველი იცავს. რაც შეეხება ანაკლიასა და განმუხურს, აქ უსაფრთხოებაზე 80 თანამშრომელი ზრუნავს.

ავტორი: თეა შონია