ქართველებმა კრეატიულობითა და შესრულების ოსტატობით უკანა ხაზშიც გაგვაკვირვეს - უცხოური პრესა ბორჯღალოსნებზე

11:12 06-13-2019

20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შოტლანდიის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 17:12 დაამარცხეს და მე-9 ადგილის ნახევარფინალში ფიჯელ თანატოლებს შეხვდებიან.

ქართველ მორაგბეთა კარგი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენია უცხოურ პრესას. ვებ-გვერდი rugbypass.com ბორჯღალოსნების შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული ქართული რაგბის საგრძნობი პროგრესი. სტატიის ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას შერკინების სიძლიერეზე ამახვილებს და ამბობს, რომ ქართველები ამ მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესონი არიან. rugbypass.com-ის სტატიის სიტყვებს 1tv.ge ციტირებს:

„დომინანტური შერკინება და რკინასავით ძლიერი წინა ხაზი უკვე დიდი ხანია, რაც ქართული რაგბის მთავარი კოზირებია. ბოლოს დროს კი ლელოების თამაშში სხვა დადებითი მომენტებიც შეინიშნება. ქართველმა 20-წლამდელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მარცხი განიცადეს და ეს გასაკვირი სულაც არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ მათი მეტოქეები სამხრეთ აფრიკა და ახალი ზელანდია იყვნენ. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ახალ ზელანდიელებთან ისინი ძალიან კონკურენტუნარიანები იყვნენ, შოტლანდიას კი სულაც მოუგეს 17-12.

კონკურენტუნარიანობა მხოლოდ წინა ხაზს არ ეხებოდა. ქართველებმა კრეატიულობითა და შესრულების ოსტატობით უკანა ხაზშიც გაგვაკვირვეს, რაც ქართული რაგბის ძლიერი მხარე ბოლო წლებში ნამდვილად არ ყოფილა.

მათი შერკინება ისევ ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და ამ 20-წლამდელების შემხედვარე, ეს კოზირი უახლოეს მომავალში არსად გაქრება“.

სტატიის ავტორი რამდენიმე მოთამაშეს განსაკუთრებით გამოჰყოფს. ესენი არიან თედო აბჟანდაძე, დემურ თაფლაძე, ლაშა ლომიძე, დაჩი პაპუნაშვილი, თეიმურაზ ჭიჭინაძე, იოანე იაშაღაშვილი და ოთარ ლაშხი. შემდეგ კი გუნდის ორ მთავარ ნაკლზე ამახვილებს ყურადღებას:

„მსოფლიოს საუკეთესოებში მოსახვედრად საქართველოს ორი მნიშვნელოვანი ხვრელის ამოვსება მოუწევს. ესენია უფრო ათლეტური ცენტრი და უკანა ხაზი, ასევე უფრო დინამიური ფლანგები.

ამ ახალგაზრდებს კიდევ დასჭირდებათ დრო, რათა საერთაშორისო რაგბის სტანდარტებს გაუტოლდნენ, თუმცა განვითარების ტემპები იმის მანიშნებელია, რომ ლელოებს წინ ნათელი მომავალი აქვთ“.

როგორც უკვე გითხარით, მე-9 ადგილის ნახევარფინალში საქართველო ფიჯის ნაკრებს შეხვდება. მატჩი ორშაბათს, 17 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.