აუცილებელია, რომ ჭკვიანურად ვითამაშოთ, თავი კარგად დავიცვათ და სახიფათო შეტევები განვახორციელოთ - ვლადიმირ ვაისი

09:05 06-10-2019
43

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დ ჯგუფის მეოთხე ტურის მატჩები დუბლინსა და კოპენჰაგენში შედგება. 10 ივნისს ქართველი ფეხბურთელები დანიას დაუპირისპირდებიან. ვლადიმირ ვაისის გუნდი კოპენჰაგენში 9 ივნისს ჩარტერული რეისით ჩაფრინდა. მატჩის მასპინძელ სტადიონზე ჩვენმა გუნდმა თამაშამდე 24 საათით ადრე ივარჯიშა. ამ ეტაპზე გუნდი 23 ფეხბურთელთან ერთად იმყოფება დანიაში და თითოეული მოთამაშე სრული დატვირთვით ემზადება.

საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ვლადიმირ ვაისმა და გურამ კაშიამ მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს პრესკონფერენციაზე უპასუხეს.

ვლადიმირ ვაისი: რთულ შეხვედრას ველით, რადგან დანია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია. დანიელებმა რამდენიმე დღის წინ ირლანდიის წინააღმდეგ ორი ქულა დაკარგეს. ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრაში დანია უკეთესი გუნდი იყო ვიდრე ირლანდია. დანიელთა შემადგენლობაში რამდენიმე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი თამაშობს, აქედან გამომდინარე, ადვილი თამაში ნამდვილად არ გველის, მაგრამ გვსურს, რომ ხარისხიანი და დისციპლინირებული ფეხბურთი ვაჩვენოთ.

ჩემს ფეხბურთელებს პატივს ვცემ და მათი მჯერა, მაგრამ ასევე პატივი უნდა ვცეთ მოწინააღმდეგის სათამაშო კლასს. ვფიქრობ, რომ სათამაშო სტილი კონკრეტული მეტოქიდან გამომდინარე უნდა ავირჩიოთ. დანიის წინააღმდეგ აუცილებელია, რომ ჭკვიანურად ვითამაშოთ, თავი კარგად უნდა დავიცვათ და სახიფათო შეტევები განვახორციელოთ. სამწუხაროდ, რვა მოთამაშე დაგვაკლდება,რომლებიც წინა საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაკრებში იყვნენ  და ეს ჩვენს დავალებას უფრო ართულებს.

პარუნაშვილი და ლობჟანიძე ადგილობრივ ჩემპიონატს კარგად იცნობენ, თუმცა დანიის ნაკრების მოთამაშეები ძირითადად ქვეყნის გარეთ ასპარეზობენ. მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელია კოპენჰაგენში. საბა ფლანგზე სწრაფად თამაშობს, შემიძლია ვთქვა, რომ ლობჟანიძე და პარუნაშვილი იმ ფეხბურთელებს შორის არიან, ვის სასტარტო შემადგენლობაში დაყენებაზეც ვფიქრობ, ასევე ხარაიშვილიც.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ის დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშებს და დავაკვირდებით როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ მოცემულობით საშიში არაფერია.“

გურამ კაშია: სამწუხაროა, რომ საკუთარ კლუბში ბოლო შეხვედრებში თამაში არ მომიწია, ეს მეც მაწუხებს, მაგრამ ვფიქრობ, უახლოეს მომავალში მომეცემა შანსი, რომ კლუბშიც ვითამაშო. ფიზიკურ მომზადებას ინდივიდუალურად ძალიან დიდი ყურადღებას ვუთმობ, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ კვირაში ორი მატჩის ჩატარება ჯერ კიდევ შემიძლია.

რაც შეეხება დანიის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას, სამწუხაროა, რომ ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ბევრი მოთამაშე გვაკლია. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, გარკვეულ სირთულეებს შეგვიქმნის. ჩემი აზრით, დანიას ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს, მათ ჯგუფში რთული მდგომარეობა აქვთ და აქედან გამომდინარე, ჩვენს წინააღმდეგ აუცილებლად სამი ქულის მოსაპოვებლად გამოვლენ. ამიტომ, დისციპლინირებული თამაში გვმართებს, განსაკუთრებით  დაცვაში. ინდივიდუალური შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს, უნდა დაველოდოთ ჩვენს შანსს და გამოვიყენოთ ის.

საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ მომავალ შეხვედრაზე კომენტარი საბა ლობჟანიძემ და ოთარ კიტეიშვილმა გააკეთეს:

ოთარ კიტეიშვილი: დანიის ეროვნული ნაკრები ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. საკვალიფიკაციო ეტაპზე ისეთი სტარტი არ გამოუვიდათ როგორსაც ელოდნენ, ორი ტურის შემდეგ ორი ქულა აქვთ.

რაც შეეხება ჩვენს განწყობას, საწყის ორ შეხვედრაში დამარცხების შემდეგ, საკუთარ მოედანზე გიბრალტარი დავამარცხეთ და კარგი თამაში ვაჩვენეთ. გიბრალტარი არც თუ ისე ძლიერი ნაკრებია, მაგრამ მოგება ყოველთვის სასიამოვნოა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გუნდში კარგი განწყობაა, დანიის ეროვნული ნაკრები დაუმარცხებელი გუნდი არაა, ჩვენ გარკვეული შანსები გვექნება და იმედი მაქვს დადებით შედეგს ვაჩვენებთ.

საბა ლობჟანიძე: თელია პარკენზე რამდენჯერმე მაქვს ნათამაშები და შესაბამისად ეს გარემო ჩემთვის უცხო არაა. დანიას ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ორ შეხვედრაში ფრედ ითამაშეს და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩვენს წინააღმდეგ ისინი აუცილებლად მოსაგებად გამოვლენ. უშანსოდ ნამდვილად არ ვართ, ჩვენ გვექნება მომენტები, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ.