IDFI-ის კვლევა - თითოეული გუბერნატორის მიერ 2017-2018 წლებში გავლილი მანძილი დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლია

09:50 06-04-2019
113

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2017-2018 წლებში გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკითა და საწვავის ხარჯებით დაინტერესდა

კვლევის ფარგლებში, სახელმწიფო გუბერნატორებზე გაცემული საწვავის ოდენობის და მათზე დაწესებული ყოველთვიური ლიმიტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მოწოდებულია 7 გუბერნატორის ადმინისტრაციიდან.

ამ 7 გუბერნატორის მიერ, მათ მიერვე დადგენილი ყოველთვიური ლიმიტების ფარგლებში, 2017-2018 წლებში სულ დახარჯულია 132,208 ლიტრი საწვავი;

ყველაზე მეტი საწვავი 2017-2018 წლებში მოხმარებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მიერ 25,660 ლიტრი, საიდანაც 2017 წელს გახარჯულია 14,356 ლიტრი ბენზინი, ხოლო 2018 წელს – 11,304 ლიტრი.

ორგანიზაციის მიერ გუბერნატორების ადმინისტრაციების მიერ ავტოპარკის განახლება-შენახვის პრაქტიკის და საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების ანალიზის თანახმად, თითოეული გუბერნატორის მიერ 2017-2018 წლებში გავლილი მანძილი მინიმუმ დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლია.

2017-2018 წლებში სახელმწიფო გუბერნატორების მაგალითზე განხილული საწვავის მოხმარების პრაქტიკა, რაც გამოიხატება ცალკეულ შემთხვევებში არაგონივრულად მაღალი ოდენობის საწვავის ათვისებაში, ცალსახად მიუთითებს კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების აუცილებლობაზე. კერძოდ, მიზანშეწონილია, შესაბამისი ტექნოლოგიური სისტემის დანერგვით გამკაცრდეს სამსახურებრივი ავტომობილებით არამიზნობრივი გადაადგილების მონიტორინგი და ყველა ავტომობილზე დაინერგოს საწვავის მოხმარების აღრიცხვის სისტემა – ე.წ. ჩიპი.