Excluisive დუტას ახალი მოძრაობა "წამოდი თელავში" და საზაფხულო სკოლა ვარსკვლავებთან ერთად

14:49 04-04-2019
5743

დუტა სხირტლაძემ თელაველ მწერალთან, ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატთან - ტორესა მოსთან, იგივე ვახტანგ მოსიაშვილთან ერთად დააარსა მოძრაობა - „წამოდი თელავში“. მოძრაობის ფარგლებში კახეთის, კონკრეტულად, თელავის მონახულების ნებისმიერ მსურველს ეპატიჟებიან და სთავაზობენ საინტერესო ტურს. გარდა ამისა დუტა და ტორესა საზაფხულო სკოლას აკეთებენ. მოსწავლეების ასაკი 12-დან 17 წლამდეა. ამის შესახებ დუტამ „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად გაუმხილა. 

ივნისში, ორი კვირის მანძილზე, ბავშვებს პროფესიონალები ბევრ რამეს შეასწავლიან, მათ შორის მუსიკას, სამსახიობო ხელოვნებას, ფოტოხელოვნებას, სოცმედიას, თეატრს... მოწვეული ლექტორები არიან პირდაპირ ვარსკვლავები - ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი უშიკიშვილი, დათო ტურაშვილი, ლადო აფხაზავა, სოფო გორგაძე (ქართულ კულინარიაზე წაიკითხავს ლექციას)... მათთან ერთად დუტა და ტორესაც წაიკითხავენ ლექციებს. 

გაკვეთილები ჩატარდება მუზეუმებში, ალავერდში, იყალთოში, გრემში... მოსწავლეები იცხოვრებენ თელავის სასტუმროებში. დაათვალიერებენ თელავის შემოგარენს.

დუტა სხირტლაძე: - თელავი მზადყოფნაშია. გამგეობის კულტურის განყოფილება საქმის კურსშია. ქალბატონი ფიქრია ყუშიტაშვილი თელავის თეატრზე და პირველ სკოლაზე ჩაატარებს ლექციას. ცოტა ხანში გამოცხადდება ბავშვების მიღება. ამ თემის გავრცელებაში, შენ უკვე მეხმარები. პირველი ხარ, ექსკლუზივს გაძლევ. ხედავ, რა ბიჭი ვარ ხანდახან? 

- ვხედავ, წარმატებები, დუტა.

- ოქრო ხარ.

 

ავტორი: თამარ გონგაძე