ირანულმა რაკეტამ ბენ გურიონის უნივერსიტეტის ექვსი კვლევითი ლაბორატორია გაანადგურა, ცხრა კი დააზიანა
1750863282
სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, იუნანის პროვინციის ხეხილის ბაღების ბინადარი ღამურების თირკმლებში უცნობი პათოგენები აღმოაჩინეს; მათ შორის ორი პათოგენი ახლოს ენათესავება ნიპაჰისა და ჰენდრას მომაკვდინებელ ვირუსებს.
აღმოჩენა გააკეთეს იუნანის ენდემურ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის მკვლევარმა გუოპენგ კუანგმა, დალის უნივერსიტეტის მკვლევარმა ტიან იანგმა და მათმა ჯგუფმა. გენეტიკური ანალიზების გამოყენებით, მიკრობები მათ 10 სხვადასხვა სახეობის 142 ღამურაში გამოავლინეს. ჯამში მათ იპოვეს 20 ახალი ვირუსი, ერთი ახალი ბაქტერია და პროტოზოული პარაზიტი.
შემაშფოთებელი ვირუსები ჰენიპავირუსებს ეკუთვნის, რომლებიც ცნობილია გრძელი გენომითა და მასპინძელთა ფართო დიაპაზონით. ახალ ვირუსთა გენების ნახევარზე მეტი ნიპაჰისა და ჰენდრას ვირუსებისას ემთხვევა, რომლებიც, იმის მიუხედავად, რომ ინფიცირებულ ადამიანებში მაღალი სიკვდილიანობით გამოირჩევიან — მაინც შედარებით იშვიათად გვხვდება ჩვენს სახეობაში.
უცნობია, აქვს თუ არა ამ ორ ახალ ჰენიპავირუსს ღამურებიდან სხვა სახეობებში გადასვლისთვის საჭირო გენეტიკური აპარატი, მაგრამ ადამიანთა ჩვენთვის ცნობილ პათოგენებთან მათი მსგავსება უკვე ნიშნავს იმას, რომ მეცნიერები მათ ყურადღებით დააკვირდებიან.
„ეს ვირუსები განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ისინი ძირითადად ღამურების თირკმელებში იყო თავმოყრილი — ადგილში, რომელიც შარდს აწარმოება. სწორედ ეს ფაქტია განგაშის მიზეზი, რადგან დიდია შანსი, ისინი ადამიანებში მოხვდნენ დაბინძურებული ხილის ან წყლის მეშვეობით“, — ამბობს ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მოლეკულური ვირუსოლოგი ვინოდ ბალასუბრამანიამი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.
ის ფაქტი, რომ ეს ღამურები ხეხილის ბაღებში დაიჭირეს, ნიშნავს იმას, რომ ამ ვირუსებს რომ სახეობათა შორის გადახტომის უნარი ჰქონდეთ, ადამიანები და შინაური ცხოველები ადვილი სამიზნეები გახდებოდნენ.
თუმცა, ღამურები ხეხილის ბაღებისთვის ძლიერ მნიშვნელოვანია — ისინი ხეებს მტვერავენ, ნიადაგს ანოყიერებენ და მწერებზე ნადირობენ. მაგალითად, ჩინეთში, მწერიჭამია ღამურების 90 პროცენტი ქვეყნის ვაშლის მწარმოებლებს წელიწადში ორი მილიარდი დოლარის დანაკარგებისგან იცავს.
როგორც სიდნეის უნივერსიტეტის ვეტერინარი და ველური ბუნების ეკოლოგი ალისონ პილი აღნიშნავს:
„გვაქვს ჰენდრასა და ნიპაჰის ვირუსების სხვა ევოლუციური ნათესავებიც, რომლებიც გადადების არავითარ საფრთხეს არ ფლობენ; ამიტომ, საჭიროა უფრო მეტი ლაბორატორიული კვლევა, რათა დადგინდეს ამ ახალ ვირუსთა რეალური რისკი“.