მიხეილ ზამთარაძემ ვარშავის ბიბლიოთეკიდან 78 წიგნი მოიპარა, მათი ღირებულება 3 მილიონ ზლოტზე მეტია - რა საქმით მოქმედებდნენ ქართველები და რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ბიბლიოთეკა

პოლონური პროკურატურის ცნობით, ვარშავის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან (BUW) მოპარული ძველი წიგნები რუსეთში იყიდებოდა.

საქმეზე დაკავებული მთავარი ეჭვმიტანილი, საქართველოს მოქალაქე მიხეილ ზამთარაძე აღიარებს, რომ მოქმედებდა რუსი მოქალაქის დავალებით, რომელიც ზუსტად უთითებდა, რომელი წიგნები უნდა მოეპარა.

მოპარული გამოცემები რუსეთში იყიდებოდა, მათ შორის მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის აუქციონებზე „Litfond“-ში.

საქმე ეხება იშვიათ XIX საუკუნის რუსულენოვან გამოცემებს, მათ შორის ალექსანდრ პუშკინის, ივან კრილოვის, ნიკოლაი გოგოლისა და მიხეილ ლერმონტოვის პირველ გამოცემებს.

მოპარულია 78 უნიკალური გამოცემის წიგნები, რომელთა ღირებულება 3 მილიონ 825 ათას 600 ზლოტის (დაახლოებით 950 000 ევროს) შეადგენს.

ქურდობის სერია, სავარაუდოდ, 2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის 16 ოქტომბრამდე გრძელდებოდა, თუმცა შესაძლოა, უფრო ადრე დაწყებულიყო.

თავდაპირველად ბრალდებული უარყოფდა დანაშაულს, თუმცა სექტემბერში დაკითხვისას ბრალდება აღიარა და დეტალურად აღწერა ქურდობის სქემა.