1757679034
ასაფეთქებელი ნივთიერების უკრაინიდან საქართველოში შემოტანის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - სუს-ის ინფორმაციით, მძღოლს „ჰექსოგენი“ უკრაინის ტერიტორიაზე უკრაინის სპეცსამსახურმა ე.წ. „ესბეუს“ თანამშრომლებმა გადასცეს

ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ უკრაინიდან საქართველოში შემოტანის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც სუს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღინიშნა, სატვირთო ავტომობილის მძღოლს ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინის სპეცსამსახურებმა გადასცეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მუშაობს იმის დასადგენად არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებს, ასევე რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის.
„საზოგადოებას გავაცნობთ საქართველოში უკრაინიდან შემოსულ ასაფეთქებელ ნივთიერებასთან დაკავშირებული გამოძიების ახალ დეტალებს:
როგორც მოგეხსენებათ, დაკავებულია უკრაინის ორი მოქალაქე, რომლებსაც აღმოაჩნდათ 2,4 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“. აღნიშნული ნივთიერება საქართველოში რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით შემოვიდა.
ბრალდებულების დაკავებიდან დღე-ნახევრის განმავლობაში დამატებით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიება, საიდანაც დგინდება, რომ „მერსედესის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლს უკრაინის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცეს უკრაინის სპეცსამსახურის, ე.წ. „ესბეუს“ თანამშრომლებმა. ეს გარემო ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებითაც დასტურდება, რომელმაც თქვა, რომ მას აღნიშნული ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩამოეტანა და მათ მიერ მითითებული კონკრეტული პირისთვის გადაეცა.
მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ჩვენებაში მიუთითებს ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების შესახებ, რომ ის უნდა ჩასულიყო რუსეთის ფედერაციაში და იქ მოწყობილიყო ე.წ. „პაუტინა 2“, გამოძიების და სხვადასხვა ოპერატიულ მასალებში ამ ეტაპზე ჩანს ერთადერთი საბოლოო ლოკაცია – თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი.
სწორედ ამიტომ, გამოძიების სხვა მიმართულებებთან ერთად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებს, ასევე რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ იმ ნაწილის საჯაროდ გამოტანა, რომლის გამჟღავნებაც ქართულ სპეცსამსახურებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების პრევენციული მიზნებისთვის“, - აღინიშნა სუს-ში ჩატარებულ ბრიფინგზე.
სუს-მა უკრაინის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს საქართველოში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება შემოჰქონდათ.